“ოპონენტები აიბნენ თავისსავე ნარატივში და ვერაფრით ეგუებიან, რომ ქვეყანამ შეიძლება, მიიღოს კანდიდატის სტატუსი”

95
spot_img

რა თქმა უნდა, ხალხის დამსახურებაა, რომ ეს ხელისუფლება გვყავს და ამ ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა, განახორციელოს რეფორმები ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განუცხადა.

მაკა ბოჭორიშვილს კითხვა დაუსვეს  ოპონენტების განცხადებებთან დაკავშირებით, რომ კანდიდატის სტატუსს ხალხი იმსახურებს, ხოლო ხელისუფლება – არა.

„ოპონენტები აიბნენ თავისსავე ნარატივში, თავისსავე იდეებში და ვერაფრით ეგუებიან, რომ ქვეყანამ შეიძლება, მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს არის ქვეყნის დამსახურება – გულისხმობს ხალხს, ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას და იმას, რასაც ხელისუფლება აკეთებს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. იცით, რომ 2014 წლიდან ჩვენ არაერთი რეფორმა განვახორციელეთ ევროპაში ინტეგრაციის კუთხით, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საქართველოს ტრანსფორმაციაზე, რათა ევროკავშირთან უფრო თავსებადი იყოს ჩვენი ქვეყანა. რა თქმა უნდა, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში სწორედ ამას ექნება მნიშვნელობა. თუ ახლა აქცენტი გვინდა, გავაკეთოთ გეოპოლიტიკურ მოცემულობაზე და ხალხის დამსახურებაზე, რა თქმა უნდა, ხალხის დამსახურებაა ის, რომ ეს ხელისუფლება გვყავს და ხალხის დამსახურებაა ის, რომ ეს ხელისუფლება ახორციელებს და აქვს შესაძლებლობა, განახორციელოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის რეფორმები“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.