“ომში წაგება და მოგება ხშირად ხდება. ვალერი ზალუჟნისაც ჰქონდა “ვარსკვლავური საათი”, როცა რუსეთის არმიას კუდით ქვა ასროლინა 2022 წლის აგვისტო-სექტემბერში”-სიმონ კილაძე

83
spot_img

 

📌”ბიბისის” ანალიტიკური მიმოხილვა წავიკითხე – რას ამბობენ ვალერი ზალუჟნის პოსტიდან გათავისუფლებაზე დასავლეთში, უკრაინაში და რუსეთში- ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტიკური მიმომხილვევლი სიმონ კილაძე წერს.

📌”რუსეთში რასაც იტყვიან, გასაგებია – ეს ისეთი შემთხვევაა, როცა ყველაფერი წინასწარ არის ცნობილი, ამიტომ მიმოხილვის ამ ნაწილზე არაფერს ვამბობ.

📌დასავლელი პოლიტიკოსები და ოფიციოზი, მედია და სამხედრო ექსპერტები გარკვეულ ნეიტრალურობას ინარჩუნებენ – ეს უკრაინის საშინაო საქმეა, ვინც გინდათ, სარდლად ის დანიშნეთ, მთავარია საქმეში გამოდგესო.
რაც შეეხება უკრაინის პოლიტელიტას, მასმედიას და საექსპერტო საზოგადოებას…

📌თუმცა ჯერ ჩემს თვალსაზრისს ვიტყვი.

მე პირადად გენერალი ვალერი ზალუჟნი მაღალი დონის პროფესიონალად მიმაჩნია – ზოგიერთების მსგავსად კი არა, რომლებმაც უკანალი (პარდონ!) შტაბში ჯდომით მოითბეს, არამედ “ბოევოი” გენერლად, ქვეყნის პატრიოტად.

📌ომში წაგება და მოგება ხშირად ხდება. ვალერი ზალუჟნისაც ჰქონდა “ვარსკვლავური საათი”, როცა რუსეთის არმიას კუდით ქვა ასროლინა 2022 წლის აგვისტო-სექტემბერში და ელვისებურად გაათავისუფლა რიგი ქალაქები.
📌 მოგვიანებით, 2023 წლის მაის-ივნისში მას გენერალური და გადამწყვეტი კონტრშეტევის განხორციელება დაავალეს (უფრო სწორად, უბრძანეს – ვინ? უმაღლესმა მთავარსარდალმა ზელენსკიმ).

📌საყოველთაოდ ცნობილია, რომ როცა კონტრშეტევა სათანადო დონეზე არ არის მომზადებული სამხედრო თვალსაზრისით (მაგრამ პოლიტიკურად ნაბრძანებია!), წარუმატებლობის რისკი მეტია. მართლაც ასე მოხდა, კონტრშეტევა ჩაიშალა, პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის იმედები გაქარწყლდა (არადა, რეკლამა მაგარი მიდიოდა – აი, ახლა გაჩვენებთ სეირს!).

📌 მთელი მსოფლიო უკრაინის არმიის კონტრშეტევის დროს დაშვებულ შეცდომაზე ალაპარაკდა. ვალერი ზალუჟნი, რომელიც თავდაპირველად ჩუმად იყო, იძულებული გახდა სიმართლე ეთქვა, რაც ზემოთ არ მოეწონათ (ანუ იმას, ვინც შეტევის დაწყება უბრძანა).
ჰოდა, ჯოხი ვიღაცაზე ხომ უნდა გადამტვრეულიყო?

📌ვოლოდიმირ ზელენსკი ხომ საკუთარ თავს და ერთგულ გარემოცვას არ დაადანაშაულებდა… როგორც იტყვიან ხოლმე, “განტევების ვაცად” ვალერი ზალუჟნი გამოვიდა – შენ იყავი სარდალი, ესე იგი, ყველაფერი შენი ბრალიაო.
ჰოდა, ახლა უკრაინის პროსამთავრობო მასმედიამ (პრინციპში, იქ ახლა ყველაფერი პროსამთავრობოა) კაცს, რომელსაც ცოტა ხნის წინ აქებდა და ადიდებდა, “რკინის გენერალს’ უწოდებდა, თითქოსდა ჯადოსნური ჯოხის მოქნევით, უკვე ყოფილ სარდალს, ძაგება და კრიტიკა დაუწყეს.

📌ჭეშმარიტად – სიყვარულსა და სიძულვილს შორის ერთი ნაბიჯია, მაგრამ უკრაინაში ზალუჟნისადმი გამოხატულ “სიძულვილს” თავისი სუბიექტური მიზეზი აქვს – კრიტიკა ზემოდან არის მართვადი.
რატომ? იმიტომ, რომ ზალუჟნის რეიტინგი სტაბილურად მაღალია (82%), ზელენსკის პოპულარობა კი იკლებს (62%). დამისახელეთ რომელიმე პრეზიდენტი, რომელსაც საომარი მდგომარეობის დროს მასზე უფრო მეტად პოპულარული გენერალი მოსწონდეს….

📌 ბუნებრივია, არც ზელენსკის არ მოეწონა გენერლის პოპულარობა…
კიდევ ბევრი რამ შეიძლება ითქვას, მაგრამ მგონი საკმარისია.

📌რაც შეეხება უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალ სარდალს ალექსანდრე სირსკის (მის მეტსახელზე არაფერს ვიტყვი!), მან ჯერ უარი თქვა ახალ შეთავაზებულ თანამდებობაზე (ვითომდა ზალუჟნისთან სოლიდარობის ნიშნად), მაგრამ საბოლოოდ მაინც დათანხმდა, ვერაფერს ვიტყვი – გენერალმა სამხედრო დისციპლინისადმი ერთგულება გამოხატა, ასეც უნდა იყოს არმიაში, თუმცა… მასში მაინც “პრეზიდენტის კაცმა” გაიმარჯვა.
———-
📌P.S. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ზელენსკიმ ზალუჟნის “უკრაინის გმირის” წოდება მიანიჭა – შეიძლება ერთგვარი კომპენსაციის სახით (თუმცა იგი ამ წოდებას მართლაც იმსახურებს). ამბობენ, სადმე ელჩად გაუშვებს, მაგალითად, ნისლიან ალბიონზეო”-წერს სიმონ კილაძე.

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=pfbid033663VHC4aZj9LzpJH6VCQ3DKrZQEdn4svZ8ihqoByCvPGkpkp3XPnLN1RBwXAAWpl&id=100005791115784