„ომის ჩიხში შესვლის კვალობაზე უკრაინის პრეზიდენტსა და სამხედროებს შორის ურთიერთობაში ბზარები ფართოვდება“

111
spot_img

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ომის ჩიხში შესვლის კვალობაზე უკრაინის პრეზიდენტსა და სამხედროებს შორის ურთიერთობაში ბზარები ფართოვდება“ (ავტორი – ჯო ბარნსი). მასალაში განხილულია რუსეთთან ომის მიმდინარეობის გამო უკრაინის ხელმძღვანელობაში შექმნილი უთანხმოება, განსაკუთრებით ყურადღება გამახვილებულია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და გენერალ ვალერი ზალუჟნის ურთიერთდამოკიდებულებაზე.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

„ჩვენ თავისუფლებას ამ (f…g) ტერორისტ პუტინის წინაშე არ დავთმობთ“, – თქვა სიბრაზისაგან თვალებანთებულმა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და სავარძლიდან წინ გადაიხარა, როცა იგი გასულ კვირას ამერიკული ტელეარხის „ენ-ბი-სი“-ს ჟურნალისტს ესაუბრებოდა. ასეთი გაბრაზებული, როგორიც მის ინტერვიუში ჩანდა, ვოლოდიმირ ზელენსკი ძალიან იშვიათად თუ ყოფილა. იგი ჟურნალისტებთან საუბარში? ჩვეულებრივად, თავშეკავებით იქცეოდა ხოლმე და მისი ემოციები ძირითადად პოზიტიური იყო ხოლმე.

მაგრამ ახლა ეს ხდება ისეთ სიტუაციაში, როცა უკრაინის არმია მძიმე დანაკარგებს განიცდის და კონტრშეტევა წარუმატებლად მიმდინარეობს, როცა უკვე ბევრი ლაპარაკობს – „ჯარისკაცები დაიღალნენ და ომი ჩიხში შევიდაო“. გაისმის ხმები, რომ კიევს თითქოს უკვე რეკომენდაციას აძლევენ – მოსკოვთან მოსალაპარაკებლად მაგიდას მიუჯდესო. გარდა ამისა, ჩიხში შესულმა კონტრშეტევამ უკრაინის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას შორის გარკვეული დაძაბულობა გამოიწვია და ის, რაც ჩვეულებრივ საიდუმლოდ ინახებოდა ხოლმე, საზოგადოების წინ გადმოიფრქვა და ყველასათვის ცნობილი გახდა.

ეს იმის ნიშანიც შეიძლება იყოს, რომ უკვე თვით პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის (უმაღლეს მთავარსარდალს), რომელიც უკრაინის თავდაცვას ომის დაწყებიდანვე ხელმძღვანელობდა და სიმტკიცეს ინარჩუნებდა, სამხედროებთან დამოკიდებულებაში ბზარები გაუჩნდა. პრეზიდენტმა ვეღარ მოითმინა და საჯაროდ უსაყვედურა გენერალ ვალერი ზალუჟნის – „ომი ჩიხში არ შესულა, დაღლით შეიძლება ზოგიერთები დაიღალნენ, თუმცა განსხვავებული აზრიც არსებობსო“.

პრეზიდენტის ამალა გენერლის წინააღმდეგ

პრეზიდენტის პოზიცია მისმა გარემოცვამ აიტაცა, მათ სიტყვიერი ომი გაუმართეს ვალერი ზალუჟნის და მიუთითეს – „ლაპარაკი ომის ჩიხში შესვლაზე წყალს რუსეთის წისქვილზე ასხამს და უკრაინის დასავლელ მოკავშირეებში პანიკას თესავს, ამიტომ უმჯობესია, ჩუმად თუ იქნებიო“.

ომის 20 თვე დაჭირდა იმას, რომ სამხედრო და სამოქალაქო ხელმძღვანელობას შორის განხეთქილება დაწყებულიყო, თუმცა, როგორც ამბობენ, სამხედროები პოლიტიკოსებს ადრეც აფრთხილებდნენ, რომ ზედმეტად ოპტიმისტები ნუ იქნებითო.

შეფასება უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე ომის ჩიხში შესვლის თაობაზე კიევის მთავრობისათვის განსაკუთრებით არასასიამოვნოა. ბოლო ხუთი თვის ბრძოლების შედეგად უკრაინამ მხოლოდ ტერიტორიის ძალიან მცირე ნაწილი დაიბრუნა – თითებზე ჩამოსათვლელი რამდენიმე სოფელი, რუსეთი კვლავ აკონტროლებს ქვეყნის ტერიტორიის ერთ მეხუთედ ნაწილს.

უკრაინელი ოფიციალური პირები შიშობენ, რომ საომარ მოქმედებებში შექმნილმა ჩიხმა შეიძლება საქმე იქამდე მიიყვანოს, რომ დასავლეთმა კიევზე ზეწოლა მოახდინოს – მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყების მიზნით – და ვაითუ უკრაინა ტერიტორიის დათმობაზეც აიძულოს, ცეცხლი შეწყვეტის სანაცვლოდ.

კიეველი პოლიტიკოსების ნაწილი, ვოლოდიმირ ზელენსკის ჩათვლით, შეშფოთებულნი არიან იმით, რომ თუ ცეცხლი შეწყდება და კონფლიქტი გაიყინება, უკრაინა მსოფლიოს ყურადღების ფოკუსიდან გაქრება, მით უმეტეს ახლა, როცა ისრაელ-„ჰამასის“ ომი ბობოქრობს და მისი რეგიონულ ომად გადაზრდაა მოსალოდნელი ახლო აღმოსავლეთში.

ევროპა: „დავიღალეთ უკრაინის ომით“

ევროპის სახელმწიფოებში შეინიშნება, რომ უკრაინის ომი მათ გარკვეულწილად უკვე  აღიზიანებთ და „დაღლილობას გრძნობენ“. არის იმის ფაქტები, რომ ევროკავშირის ზოგიერთ წევრს უკრაინისადმი დახმარების სურვილი უქრება. ამერიკელ რესპუბლიკელებშიც სულ უფრო მტკიცდება პოზიცია კიევისადმი ფინანსური და სამხედრო დახმარების შემცირების მიზნით.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ, რომელსაც ეგონა, რომ აფრიკელ მაღალჩინოსან სახელმწიფო მოღვაწეს ელაპარაკებოდა (რუსმა პრანკერებმა იტალიელი პრემიერი გაათამაშეს), სატელეფონო საუბრის დროს აღიარა, რომ „ევროპაში უკრაინით ძალიან დაიღალნენ“.

ვოლოდიმირ ზელენსკი, რა თქმა უნდა, ხედავს ამ ტენდენციას, მაგრამ მან მაინც საჯაროდ უსაყვედურა გენერალ ვალერი ზალუჟნის, რომელმაც ომის ჩიში შესვლა აღიარა. გარდა ამისა, ის ფაქტი, რომ პრეზიდენტმა სარდლის ერთ-ერთი მოადგილე ისე გაათავისუფლა სამსახურიდან, რომ თვითონ ზალუჟნიმ არაფერი იცოდა, გენერლისათვის საკმაოდ მტკივნეულ სილის გაწვნას ნიშნავს. სხვათა შორის, ვალერი ზალუჟნი ბოლო დრომდე ხელშეუხებელ პიროვნებად ითვლებოდა და ამჟამად პრეზიდენტისათვის პოტენციურ პოლიტიკურ მეტოქედ განიხილება.

პავლე როზენკომ, უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გააკრიტიკა ზალუჟნის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლება და პრეზიდენტის გასაგონად განაცხადა: „თქვენ ძალიან დიდი შეცდომა ჩაიდინეთ, რომ გადაწყვეტილება ზალუჟნის ზურგს უკან მიიღეთ. სწორედ ასეთი შეცდომები ასუსტებს უკრაინას ამ ომში. ძალიან სამწუხაროა, რომ თქვენ პოლიტიკურ ინტრიგებს აჰყევით“.

წყარო