“ოკუპირებულ აფხაზეთში ანექსიური პროცესების საკითხზე დროებითი კომისიის ფორმატში უნდა ვიმსჯელოთ” – თეონა აქუბარდია

19
spot_img

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ანექსიური პროცესების დაჩქარებულ მიმდინარეობასთან დაკავშირებით პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებითი კომისიის ფორმატში უნდა ვიმსჯელოთ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, მაშინ, როცა წლის ბოლოს რუსეთს სრულიად უკანონოდ გადაეცა ბიჭვინთის აგარაკები აფხაზური საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, იგეგმება ე.წ აპარტჰოტელების მშენებლობა (მრავალბინიანი საცხოვრებელი 60-100 ათასამდე რუსეთის ფედერაციის მოქალაქისთვის) და ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი სამხედრო ფლოტის განთავსების მიზნით სამუშაოები მიმდინარეობს.

„ასევე, სოხუმის აეროპორტი გადაეცა კრემლთან დაახლოებულ პირებს, უმნიშვნელოვანესია პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება საქართველოს პარლამენტის მხრიდან. 2014 წლიდან მოყოლებული „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში პარლამენტის მიერ შეფასება იყო რუსეთის ანექსიური პოლიტიკის. დღეს კი, „ქართული ოცნების“ ლიდერები ბიჭვინთის უკანონო გადაცემას ოკუპაციის და არა ანექსიის გაგრძელებად აფასებენ. უარს ამბობენ ოპოზიციის მიერ ინიცირებული შესაბამისი რეზოლუციის განხილვაზეც კი. იქიდან გამომდინარე, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის საკითხი მთავარი ეროვნული ინტერესია“, – განაცხადა აქუბარდიამ.

ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, რომ დაუყოვნებლივ უნდა იყოს მოწვეული დროებითი კომისიის სხდომა.

„გია ვოლსკის მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ მოიწვიოს დროებითი კომისიის სხდომა, რათა ერთობლივად ვიმსჯელოთ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ანექსიურ პროცესებზე და შესაბამისი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე, მათ შორის პარლამენტის მიერ შესაბამისი რეზოლუციის მიღების საკითხი. დაუშვებელია რუსეთის ანექსიურ პროცესზე დუმილი, მით უფრო მაშინ, როცა „ოცნების“ პირობებში აქამდე პარლამენტში ამ საკითხზე შესაბამისი რეზოლუციების მიღება შესაძლებელი იყო კონსენსუსის გზით“, – განაცხადა აქუბარდიამ.