“ოკუპანტების თავდასხმები კონცენტრირებულია ბახმუტსა და მარინკაზე” – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

80
spot_img

რუსეთ -უკრაინის ომის 447 -ე დღე – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, ფრონტის ძირითადი მიმართულებებით – ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით, მოწინააღმდეგის 49 შეტევა მოიგერიეს, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ოკუპანტების თავდასხმები კონცენტრირებულია ბახმუტსა და მარინკაზე.

„ქალაქ ბახმუტისთვის „ცხელი“ შეტაკებები გრძელდება. ქალაქის წინააღმდეგ შეტევითი მოქმედებების გარდა, ოკუპანტები წარუმატებლად ცდილობდნენ წინსვლას ივანოვსკოეს დასახლების მიმართულებით“, – აცხადებენ გენშტაბში. მათივე ცნობით, მოწინააღმდეგის დაბომბვის შედეგად დონეცკის ოლქის რამდენიმე დასახლება დაზარალდა.

გენშტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ასევე მოიგერიეს მრავალი თავდასხმა ავდიივკასა და მარინკას მიდამოებში.

მარინკას მიმართულებით, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის კრასნოგოროვკას, ოსტრომას, გეორგიევკას, მარინკასა და ნოვომიხაილოვკას დასახლებები დაბომბეს.

ამასთან, რუსულ ძალებს, გასული დღის განმავლობაში, ლიმანის მიმართულებით შეტევითი ოპერაციები თითქმის არ ჩაუტარებიათ, თუმცა სოფელ სპორნოეზე ავიადარტყმა განახორციელეს. ასევე, არტილერიის გამოყენებით დაბომბეს მაკეევკა და ბელოგოროვკა (ლუგანსკის ოლქი) და ვერხნეკამენსკი და სპორნი (დონეცკის ოლქი).

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ გერმანიაში, უკრაინული ეკიპაჟების მოსამზადებლად, Abrams 31 ტანკის ჩავიდა.

თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, პატრიკ რაიდერის განცხადებით, უკრაინელი სამხედროების გადამზადება რამდენიმე კვირაში დაიწყება.

“შემიძლია დავადასტურო, რომ 1A1 Abrams-ის ტიპის 31 სასწავლო ტანკი გერმანიის გრაფენვერის სასწავლო ცენტრში ჩავიდა, რათა უკრაინული სატანკო ეკიპაჟის შემდგომი წვრთნისთვის მოამზადონ. მოსალოდნელია, რომ ეკიპაჟები ჩამოვლენ და დაიწყებენ წვრთნას მომდევნო რამდენიმე კვირაში”, – აღნიშნა მან.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინაში ტანკების გაგზავნის შესახებ იანვარში განაცხადა. რამდენიმე დღის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ უკრაინა Abrams-ის ტანკებს შემოდგომის დასაწყისში მიიღებს. მისი განმარტებით, უკრაინელ სამხედროებს უკვე აქვთ „წვდომა“ Abrams-ის რამდენიმე ტანკზე, რათა დაიწყონ ეკიპაჟების მომზადება იმ ტანკებისთვის, რომლებიც მოგვიანებით ჩავლენ. პენტაგონი იმედოვნებს, რომ დაპირებული ტანკების უკრაინაში ჩასვლამდე ეკიპაჟები მზად იქნებიან მათ სამართავად.

უნგრეთმა უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღისთვის “ევროპის მშვიდობის ფონდიდან” 500 მილიონი ევროს ოდენობის მორიგი ტრანშის გამოყოფა დაბლოკა. ინფორმაციას იტალიური საინფორმაციო სააგენტო ANSA ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თანხის გამოყოფა მომავალ ორშაბათს იგეგმებოდა. ეს ფონდიდან უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების მერვე ტრანში იქნებოდა.

სააგენტოს ინფორმაციით, უნგრეთი, სავარაუდოდ, ითხოვს გარანტიებს, რომ ევროპის მშვიდობის ფონდი მომავალში გლობალურ ჰორიზონტს შეინარჩუნებს და მხოლოდ კიევის შეიარაღებისთვის არ იქნება გამოყენებული.