ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი ტერაშვილი თავისუფალია

71
spot_img

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, 11 მაისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული გიორგი ტერაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გიორგი ტერაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი.

„საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – აცხადებენ უწყებაში.