ო’ბრაიანის ეს განცხადება მოსალოდნელი იყო, მაგრამ სუვერენიტეტი ავიაბილეთებსა და ვიზებში არ იცვლება – დიმიტრი ხუნდაძე

16
spot_img

პარტნიორი ქვეყნის პოლიტიკური გადაწყვეტილება არის ასეთი, რომ მეორე ქვეყნის კანონმდებლები უნდა დაასანქციროს, რადგან იმ ქვეყანაში მიიღეს ესა თუ ის კანონი – მაშინ სად არის დამოუკიდებლობა?! – ასე შეაფასა “ხალხის ძალის” გენერალურმა მდივანმა, დიმიტრი ხუნდაძემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიანის განცხადება, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესაძლო დასანქცირების შესახებ.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან საუბარში აღნიშნა, მმართველი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება კიდევ უფრო პრინციპული გახდა და პარტნიორი ქვეყნისგან მსგავსი ტიპის დამოკიდებულება შეურაცხმყოფელია.

“ისე ვერ იწვიმებს, როგორც ქუხს, რადგან ამინდი შესაფერისი არ არის – ჩვენს ოპონენტებს უნდათ, რომ მეტად მოღრუბლული იყოს ჩვენს ცაზე. ო’ბრაიანის ეს განცხადება მოსალოდნელი იყო, რადგან ეს არის შანტაჟის მიზნით გამოყენებული სანქციები, თანაც ასეთი მასშტაბით და ამხელა პოლიტიკური სართულიდან გაჟღერებული – მან, პრაქტიკულად, ვერ იმუშავა.

ამან მმართველი გუნდი კიდევ უფრო პრინციპული გახადა. მოვისმინეთ განცხადება, რომ სუვერენიტეტი ავიაბილეთებში და ვიზებში არ იცვლება და ეს პრინციპულობა შეიცავს გაბრაზების ტონსაც – ასეთი დამოკიდებულება შეურაცხმყოფელი და მიუღებელია.

წარმოიდგინეთ, პარტნიორი ქვეყნის პოლიტიკური გადაწყვეტილება არის ასეთი, რომ მეორე ქვეყნის კანონმდებლები უნდა დაასანქციროს, რადგან იმ ქვეყანაში მიიღეს ესა თუ ის კანონი -მაშინ სად არის დამოუკიდებლობა?! “, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.