“ნუ ვეკითხებით უცხოეთში დაბადებულ ადამიანს, ვინ იყო შუშანიკის დედა, ხვალ მათ შორის დაიბადება დემნა გვასალია, ხვიჩა კვარაცხელია და მაშინ მოვინდომებთ, რომ ქართველია”- პრეზიდენტი

0
55
spot_img

ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა ქვეყნის პროცესებში ჩართულობა რომ იგრძნონ, საჭიროა ორი რამ, მათთვის პარლამენტში წარმომადგენლის გამოყოფა და არჩევნებში მათი მონაწილეობა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე – „ძლიერი დიასპორა საქართველოს ერთიანობის, მშვიდობისა და ევროპული მომავლისთვის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მინდა, მოგილოცოთ დიასპორის დღე, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ გუშინდელი დღე და გავიმეორო, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის დიასპორა. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ეს დიასპორა და რას ვაკეთებთ, რას არ ვაკეთებთ. დღევანდელ დღეს ძნელი დასათვლელია რიცხობრივად, რამდენს წარმოადგენს ჩვენი დიასპორა. იყო ნათქვამი, რომ ერთი მილიონი არის რუსეთში, აღარ არის ერთი მილიონი რუსეთში, ეს კარგად ვიცით. დაახლოებით ნახევარი მილიონი თუ არის და ისინიც ნახევრად ქართველები, ნახევრად რუსები, მაგრამ ეს ათვლა ძალიან რთული არის. დანარჩენ მსოფლიოში ასევე რთულია, რადგან დათვლილი არალეგალები არ არიან არსად, მაგრამ ალბათ უახლოვდება მილიონს. ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა ჩვენი სახელმწიფოსთვის, რომ მათთან შევინარჩუნოთ ყველანაირი კავშირი და არ დავკარგოთ ჩვენი მოქალაქეები იქნებიან თუ თანამემამულეები. ამისი ერთი მაგალითი არის მსოფლიოში, რომელმაც ძალიან კარგად შეძლო თავის დიასპორასთან ურთიერთობა და მისი გაძლიერება, როგორც თავისი თავის და ეს არის ისრაელი.

ისრაელს აქვს ძალიან ბევრი ჩვენთვის სასწავლებელი, რომ ჩვენც მივყვეთ ამ გზას და ამით გავაძლიეროთ ჩვენი დიასპორა. ეს არის კავშირი იმ ყველა ქვეყანასთან, სადაც ჩვენ გვინდა, რომლებსაც გვინდა, დავემსგავსოთ, ოჯახში, სადაც გვინდა, შევიდეთ. ყველანი არიან ჩვენი წარმომადგენლები ამ ქვეყნებში და მათი ერთად ყოფნა ჩვენთან ძალიან მნიშვნელოვანია. ამისთვის პირველი არის მოქალაქეობა. კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ არ შეიძლება, კომისიის მუშაობა გაგრძელდეს ისე, როგორც გრძელდება. მივაღწიეთ იმას და ამაში მე ჩემი წვლილი მქონდა და არა მხოლოდ, ყველას მიღწევაა, რომ ორმაგი მოქალაქეობა არსებობს ჩვენს კანონმდებლობაში, მაგრამ არ უნდა იყოს ის, რომ პრაქტიკა ხელს უშლიდეს ამ კანონმდებლობის შესრულებას. ჩვენ არ უნდა ვიგონებდეთ რაღაც მიზეზებს, არ ჩამოვსულვარ ქვეყანაში დიდიხანიო, არ აქვს რაღაც კავშირები ქვეყანასთანო. ყველა ქართველი, რომელსაც აქვს სურვილი, რომ მოქალაქეობა დაიბრუნოს, აღიდგინოს ან მივანიჭოთ იმიტომ, რომ არ ჰქონია, ჩვენ უნდა ვფიქრობდეთ, რომ მას აქვს უფლება, დაიბრუნოს. არ აქვს მნიშვნელობა, ის ჩამოვიდა ქვეყანაში, რამდენჯერ ჩამოვიდა, აქ ფლობს ქონებას, თუ არ ფლობს. ეს ხომ არ წერია კანონმდებლობაში, რომ ეს კრიტერიუმები უნდა იყო გამოყენებული. რატომ იგონებს ვიღაც ჩინოვნიკი კომისიაში, რა უნდა იყოს ახალი დამატებითი კრიტერიუმები.

მიმაჩნია და ამას ჩემი წარმომადგენლები კომისიაში ბოლომდე მიჰყვებიან, რომ წარმოშობით ყველა ქართველს აქვს უფლება, დაიბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა. სამწუხაროდ, არის რაღაც ტესტები. სამი წელია, იუსტიციის სამინისტროსთან გვაქვს გაუთავებელი მოლაპარაკებები, რომ გავამარტივოთ. ნუ ვეკითხებით უცხოეთში დაბადებულ ადამიანს, ვინ იყო შუშანიკის დედა, ნუ ვეკითხებით. ნუთუ არ გვაინტერესებს, რომ ეს ადამიანები ხვალ იყვნენ ქართველები, ხვალ მათ შორის დაიბადება დემნა გვასალია, ხვიჩა კვარაცხელია და მაშინ მოვინდომებთ , რომ ქართველია.

ეხლა უნდა ჩვენ მათ მივცეთ ეს ხელი, მივაწვდინოთ, რომ მოდით, იყავით ქართველი, იყავით ინგლისელი, გერმანელი, ამერიკელი, რუსი, რაც გინდათ, მაგრამ იყავით ასევე ქართველი, რადგან ეს ბმა, რაც გაქვთ ჩვენთან, ეს არის ჩვენთვის, ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის ძალიან ძვირფასი და ძალიან აუცილებელი. ამიტომ იმის მაგივრად, რომ ფრენებზე ვიფიქროთ, ვიფიქროთ იმაზე, რომ მივცეთ მოქალაქეობა. ეს არის მათი პირველი მოთხოვნა.

აქ მაქვს მთელი სია 15 მაისიდან დღემდე, რაც გავიდა კომისიაში რუსეთიდან მოქალაქეობაზე მოთხოვნები. მე პირადად, სადაც არის რამე უსაფრთხოების კითხვა, იქ ჩემი წარმომადგენელი არ აძლევს ხმას, მაგრამ თუ არ არის უსაფრთხოებიდან რამე კითხვა, ვთქვათ, სამხედრო სამსახურში თანამდებობა ეჭირა ან უსაფრთხოების კუთხით შეიძლება, იყოს კითხვის ნიშანი, მათ – არა. დანარჩენებს ყველას, იმიტომ, რომ ისინი არინ ჩვენი შვილები, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ. არ მაინტერესებს, რუსეთში ცხოვრობდნენ, ვერ თუ არ ჩამოდიოდნენ, თუ ამერიკაში და ვერ თუ არ ჩამოდიან. მთავარია, რომ ამ ქვეყანას არ აქვს უფლება, ეს ხალხი დაკარგოს. სხვათა შორის, არცერთ ქვეყანას არა აქვს ამის უფლება, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის პატარა ქვეყნისთვის.

აბა რისთვის, ჩვენ მერე, რაღაცა ცეკვა-თამაშებისთვის იქ რაღაც თანხმებს ვუგზავნით, ეს არ არის დაცვა დიასპორის. ეს არ არის დაცვა დიასპორის. დახმარება არის, რომ ჩავთვალოთ ისინი, როგორც ჩვენიანები და კიდევ ერთხელ, ისრაელი არის ამის ნიშანი. ავტომატურად უბრუნებენ თუ ადამიანი ამტკიცებს, რომ წარმოშობით არის ებრაელი. ჩვენ რაღა გვიჭირს? რისი გვეშინია? არ ვიცი, ყველაფრის გვეშინია. ჩვენების რატომ უნდა გვეშინოდეს?

მეორე, რაც უნდა გაკეთდეს დიასპორისთვის არის, რომ ჩვენ მათ მივცეთ არა მხოლოდ მოქალაქეობა, მარგამ მოქალაქეობასთან ერთად განცდა, რომ ისინი მონაწილეობენ ქვეყნის ყველაფერში, ჩართული არიან და არა მხოლოდ იმიტომ, რომ გვიგზავნიან ტრანსფერებს და ამით ამდიდრებენ ბიუჯეტს ან თავიანთ ოჯახებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან დიდი წვლილი აქვთ ჩვენს განვითარებაში, რომელსაც ხშირად არ ვაღიარებთ, მაგრამ მთავარია, იგრძნონ, რომ აქვთ რაღაც როლი ამ ქვეყანაში, რომ ჩამოვიდნენ, დაგვეხმარონ.

წარმატებული ექიმები გვყავს მთელ მსოფლიოში და ჩვენ აქ არ ვუხსნით გზას, რომ მაინცდამაინც ჩამოვიდნენ და დაგვეხმარონ. იმისთვის, რომ ჩართულობა იგრძნონ, საჭიროა ორი რამ: ერთია ის, რომ მათთვის პარლამენტში ერთი წარმომადგენელი მაინც იყოს გამოყოფილი. არ არის აუცილებელი, რომ მაინცდამაინც კანონმდებლობა ან კონსტიტუცია შეიცვალოს. შეიძლება, ყველა პარტიამ, რომელსაც პარლამენტში თავისი წარმომადგენლობა ჰყავს, საკუთარ სიაში, ოღონდ არა ბოლოში, ჩაწეროს დიასპორის ერთი წარმომადგენელი. ამით იხსნება ეს საკითხი და ისინი ნამდვილად იქნებიან დიასპორის წარმომადგენლები და იციან, როგორ და რანაირად დაიცვან თავიანთი თანამემამულეები სხვადასხვა ქვეყანაში, რა ინტერესები აქვთ მათ.

მეორე საკითხია არჩევნები. ეს არ არის დღევანდელი ხელისუფლების საკითხი, მაგრამ ჩვენ არასდროს არაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საკონსულოები აქტიურად მუშაობდნენ იმაზე, რომ ხალხმა თავი დაირეგისტრიროს და ამომრჩეველი გახდეს. ამას სჭირდება მუშაობა, რეკლამირება. არალეგალებისთვის ეს არ ნიშნავს, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ისინი ცხოვრობენ, ვინმე ხელისუფლებას შეატყობინებს, რომ საარჩევნო სიაში არიან ჩაწერილი.

მაგალითად, საფრანგეთში, როდესაც ალჟირში არჩევნები ტარდება, საელჩოების წინ უზარმაზარი რიგებია. მათი დიდი ნაწილი არალეგალია, მაგრამ ამას ხელს არავინ უშლის. თუ ქვეყანაში ელექტრონულ არჩევნებს დავნერგავთ, რაღატომ გვიჭირს, რომ ეს უცხოეთზე გავავრცელოთ და შორ მანძილზე მცხოვრებ ადამიანებს ვუთხრათ, რომ მონაწილეობა მიიღონ?! თუ ჩვენი დიასპორის დაცვა გვინდა, ეს არის ის, რასაც დიასპორის დაცვა ჰქვია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.