ნუ გაუშვებთ შანსს ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის დასათვალიერებლად – რას წერს თურქული პრესა აჭარაში მოგზაურობის შესახებ

51
spot_img

თურქულ გაზეთ „ჰურიეთში“ (Hürriyet) რუბრიკით „მოგზაურობა“, გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ნუ გაუშვებთ შანსს ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის დასათვალიერებლად“ (ავტორი – ფირატ ყარადენიზი), რომელშიც საქართველოში (აჭარაში) მოგზაურობის შთაბეჭდილებებია გადმოცემული და თურქი ტურისტებისთვის ერთგვარ მოკლე გზამკვლევს წარმოადგენს.


გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:


ამინდები სულ უფრო ცხელი ხდება – ზაფხული ძალაში შედის. და თუ თქვენ ეგეოსის ზღვა და საერთოდ, ხმელთაშუაზღვისპირეთი უკვე მოგწყინდათ, დროა თქვენს საექსკურსიო სიაში ბათუმში მოკლევადიანი მარშრუტი დაამატოთ. ბათუმისა და მთლიანად აჭარის ბუნების სილამაზე ბევრ დაუვიწყარ შთაბეჭდილებას დაგიტოვებთ. მით უმეტეს, რომ სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, საქართველოში სამოგზაუროდ ვიზა არ დაგჭირდებათ – ჩვენს მეზობელთან უკვე დიდი ხანია მხოლოდ პირადობის მოწმობებით დავდივართ.


ბათუმი საზღვრიდან 20 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ოდესღაც ჩვენ იქ ძირითადად საბჭოური ტექნოლოგიებით დამზადებული ნივთების საყიდლად დავდიოდით, მაგრამ ახლა ქალაქში, ვარსკვლავური სასტუმროების კაზინოების გარდა, უფრო სხვა მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობების ნახვა შეგიძლიათ, პლუს ულამაზესი ბუნება, თუ თქვენ ბუნების თაყვანისმცემელი ბრძანდებით.


შავი ზღვის სანაპირო, რომელიც „ალისა და ნინოს“ ფიგურებით არის დამშვენებული. ანბანის კოშკი, რომელიც უნიკალურ ქართულ ანბანს ეძღვნება. დიდი გასართობ-დასასვენებელი პარკები, სადაც ზაფხულობით უამრავი ფესტივალები და კონცერტები ტარდება – ეს ყველაფერი იდეალური ადგილებია ქალაქის გაცნობისათვის. თქვენ შეგიძლიათ გაისეირნოთ პიაცას მოედანზე, რომელიც იტალიური არქიტექტურის მიხედვით არის მოწყობილი და სადაც თქვენ ქალაქის ძველ იერ-სახეს ნახავთ. შენობების სტილში ქალაქის მრავალფენიანი ისტორიაა გამოხატული – ოსმანური, რუსულ-საბჭოური და ადრეული დამოუკიდებელი ქართული არქიტექტურა ერთმანეთშია გადახლართული. ბათუმის ისტორია, საერთოდ, რომის იმპერიის პერიოდიდან იწყება და თუ იმდროინდელი შენობების ნანგრევების ნახვა გაინტერესებთ, მაშინ გონიოში (ძველბერძნულ აფსაროსში) გამგზავრება მოგიწევთ, რომელიც ქალაქის ცენტრიდან არცთუ ისე შორს მდებარეობს.


ნამდვილი საგანძური


ბათუმი – ერთი მხრივ, უძველესი და მეორე მხრივ, სუპერთანამედროვე ნაგებობებით… თუმცა, ჩემი აზრით, ბათუმისა და საერთოდ, მთელი ავტონომიური აჭარის ყველაზე დიდ განძს მისი ბუნება წარმოადგენს. რასაკვირველია, მე ჩვენი, თურქეთის შავიზღვისპირა ლამაზი ბუნებაც ძალიან მომწონს და მიყვარს, მაგრამ აჭარის ბუნება, როგორც ამბობენ ხოლმე, „ნამდვილად ხელუხლებელია“.
აჭარის რეგიონი, რომელიც იუნესკოს დაცვის ქვეშ იმყოფება, ღვინის წარმოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან, პირველყოფილ ზონას წარმოადგენს. ღვინო ქართველებისათვის საამაყო სასმელად ითვლება. ქართველებს ღვინის დაყენებისა და სმის უამრავი ტრადიცია აქვთ. შედით აჭარის ღვინის სახლში და ქვეყნის კულტურის ისტორიას მოისმენთ… ამ ადგილში, რომელიც მწვანით შემოსილ მთებს შორის მდებარეობს, თავს იტალიურ ტოსკანაში იგრძნობთ.


ზემოთჩამოთვლილებთან ერთად, ვფიქრობ, თქვენთვის საინტერესო იქნება ბათუმის ბოტანიკური ბაღის მონახულებაც, რომელიც ქალაქის ცენტრიდან 9 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. დათვალიერება 20 ლარი ღირს, თუმცა ფასი არაფერია იმ საკვირველებასთან შედარებით, რასაც იქ ნახავთ: ბათუმის ბაღი „მშობლიური სახლია“ ათასობით სახეობის მცენარეებისათვის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. აქ არის ბევრი ბილიკი და ტერასებიდან გადასახედები, საიდანაც მოგზაურის წინაშე ულამაზესი ხედები იშლება. მსურველებს შეუძლიათ ბაღში კარავი გაშალონ და დაბანაკდნენ ერთი დღე-ღამით (ფასი 50 ლარი). იმდენად, რამდენადაც ბათუმი და მისი შემოგარენი ფრინველთა მიგრაციულ დერეფანში იმყოფება, აქ მთელი მსოფლიოს ორნითოლოგები ჩამოდიან დაკვირვების მიზნით. ტარდება გარეული ფრინველების მოყვარულთა საერთაშორისო ფესტივალიც.


თუ ბოტანიკური ბაღის სიმყუდროვე არ მოგეწონებათ, მაშინ ადრენალინის მოყვარულებს შეგიძლიათ ზიპლაინით (დიდ სიმაღლეზე გაჭიმული ფოლადის ბაგირზე გადაადგილებით) დაკავდეთ, ან ზემოდან გადმოხედოთ ბათუმს პარაპლანით ფრენისას.


სახელგანთქმული ხაჭაპური და ხინკალი


როცა ღვინოზე ვლაპარაკობთ, იქ ხაჭაპურზე და ხინკალზეც ვისაუბროთ. აჭარლებს თავიანთი უნიკალური ღვეზელი აქვთ – აჭარული ხაჭაპური (ანუ ქართული პიცა). თურქეთშიც გვაქვს მსგავსი ღვეზელი, ბევრი მაქვს დაგემოვნებული, მაგრამ აჭარული ხაჭაპური ჩვენსაზე ნამდვილად უკეთესია.


და ბოლოს, ყველაზე მთავარი საჭმელი, რომლის დიდება საქართველოს ფარგლებს გარეთ არის ცნობილი – ხინკალი. მასში ქართული სამზარეულოს მთავარი თვისებები მოჩანს – ქართველთა ეროვნული ხასიათი, მრავალფეროვნება, ტრადიციული კვების პროდუქტები: ხორბლის ფქვილი, ხორცი, ცხარე სანელებლები…


წყარო