ნებისმიერი სხვა ქვეყნის თანხა, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს, მეგობრული თუ არამეგობრული სახელმწიფოდან, უნდა იყოს გამჭვირვალე -მდინარაძე

31
spot_img

ნებისმიერი სხვა ქვეყნის თანხა, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს, მეგობრული თუ არამეგობრული სახელმწიფოდან, უნდა იყოს გამჭვირვალე, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, რუსულ ფულთან დაკავშირებით სიტუაცია ნათელია, რადგან საქმე გვაქვს ოკუპანტ სახელმწიფოსთან.

“ნებისმიერი სხვა ქვეყნის თანხა, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს, მეგობრული თუ არამეგობრული სახელმწიფოდან, უნდა იყოს გამჭვირვალე. რუსეთთან დაკავშრებით გვაქვს მკაფიო პოზიცია, რომ ეს არის ოკუპანტი ქვეყანა. რუსულ ფულთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია აბსოლუტურად მკაფიოა და არანაირი კითხვა არ იქნება. იყო რაღაც ფონდი, რომელიც არ მინდა, დავასახელო და იქაც გადაკეტილია”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მან ასევე გაიხსენა, რომ რუსული ფულის უკონტროლო შემოსვლა ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით დაფიქსირდა, როდესაც ის დაფინანსებას რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან იღებდა.

“რუსეთის შემთხვევაში ნებისმიერ პატარა ინფორმაციაზეც გადავკეტავთ ყველაფერს და თქვენ ამაში მხარს დაგვიჭერთ, რადგან დეკლარირებულად ანტირუსები ხართ, ოღონდ საქმით რუსულ საქმეს აკეთებთ. მაგრამ როგორც კი მეგობრული ქვეყნიდან შემოვა გაუმჭვირვალე თანხა, თქვენ ამას არა უბრალოდ მხარს უჭერთ, არამედ იქედან იმართებით და ამიტომ არის პრობლემა. ამიტომ ვსაუბრობთ ამაზე, თორემ რუსულ ფულთან დაკავშირებით შეთანხმებულები ვართ. ერთადერთი, ვერ გადავუკეტეთ ლაკა ხოშტარიას, რადგან თქვენ დაუჭირეთ მხარი. სადაც იყო თქვენი მხარდაჭერა, იქ რუსულ ფულსაც პრობლემა არ შეექმნა” – მიმართა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციურ მედიას.

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.

კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას – უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. კანონი სამივე მოსმენით მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება მიღებული.