“ნებისმიერი ქეიფი ასეთ დროს ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი” – ლევან ხაბეიშვილი

133
spot_img

ნებისმიერი ქეიფი ასეთ დროს ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი და ცხადია, ეს ვერცერთ შემთხვევაში ვერ გამართლდება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ამით ის გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შესაძლო ქეიფთან დაკავშირებით ჟურნალისტის დასმულ შეკითხვას.

მისივე თქმით, ნებისმიერი ქეიფი ასეთ დროს გაუმართლებელია, მაგრამ აქვე მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ დასვას შეკითხვა, სტიქიის დროს სად იყვნენ ის მაღალი თანამდებობის პირები, ვისაც მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა ევალებოდა.

„მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჩვენი გმირების პატივის მისაგებად ასულს, კონკრეტულმა სამთავრობო მედიამ, რომელიც ზოგადად პროვოკაციებითაა ცნობილი დამისვა შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სადღაც იქეიფეს. კითხვა დასვა მედიასაშუალებამ, რომელსაც არანაირი კითხვა არ დაუსვამს შოვში განვითარებულ ტრაგედიაზე, არანაირი კრიტიკული კითხვა არ გასჩენია იმასთან დაკავშირებით, რომ ღამით მოქალაქეები მიატოვეს, ორი დღის განმავლობაში მდინარე გაქრა, ვერტმფრენები არ გვყავს და ღამით განათება ვერ ხერხდებოდა, ამაზე რომ კითხვები არ დაუსვამთ, იკითხა კონკრეტულმა სამთავრობო მედია საშუალებამ ქეიფთან დაკავშირებით, რაც პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ეს არც კადრი, არც ვიდეო ჩემთვის ცნობილი არ იყო.

იმის გამო, რომ შეუძლებელი იყო იმაზე კომენტარის გაკეთება, რაც ადამიანს ნანახი არ მქონდა, მე მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია – ასეთ პირობებში, ასეთი გლოვის დღეებში, კატეგორიულად მიუღებელია, ვინც არ უნდა იყოს ეს, რაიმე სახის ქეიფი. კიდევ ვამბობ, ეს არის უმძიმესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეული ადამიანისთვის. როგორც ორი შვილის მამისთვის, უმძიმესი საყურებელია ამდენი ოჯახის გამწარება. არაერთმა ოჯახმა ამდენი საყვარელი ადამიანი დაკარგა, მცირეწლოვანი ბავშვები. ნებისმიერი ქეიფი ასეთ დროს ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი და ცხადია, ეს ვერცერთ შემთხვევაში ვერ გამართლდება, მაგრამ აქვე ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ დასვას შეკითხვა, სტიქიის პირობებში სად იყო პრემიერ – მინისტრი, შსს მინისტრი, სად იყვნენ ის მაღალი თანამდებობის პირები, ვისაც ეხებოდა, ევალებოდა ამ მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა.

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს ამ უმძიმეს ფაქტს და ასეთ მძიმე პირობებში კომენტარის კეთება ვწუხვარ ასეთ თემებზე რომ გვიწევს“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.