“ნავალნის უეცარმა გარდაცვალებამ სულ უფრო მეტად გამააზრებინა, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში” – ტრამპი

45
spot_img

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას ეხმაურება.

„ალექსეი ნავალნის უეცარმა გარდაცვალებამ სულ უფრო მეტად გამააზრებინა, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში“, – წერს დონალდ ტრამპი საკუთარი სოციალური მედიის პლატფორმაზე – Truth Social.

„როიტერის“ ცნობით, ტრამპი ნავალნის სიკვდილს საკუთარ პოლიტიკურ პრობლემებს უკავშირებს.

„ეს ნელი, სტაბილური პროგრესია, თაღლითური, რადიკალი მემარცხენე პოლიტიკოსების, პროკურორების და მოსამართლეების, რომლებიც მიგვაქანებენ დესტრუქციისკენ. ღია საზღვრები, გაყალბებული არჩევნები და არასამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილებები ანადგურებს ამერიკას“, – წერს ტრამპი.

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ალექსი ნავალნი 47 წლის იყო. ალექსეი ნავალნი 2021 წლის იანვარში დააპატიმრეს. მას ექსტრემიზმის ბრალდებით 19 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბოლო დროს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში იხდიდა სასჯელს.

ალექსეი ნავალნი 2020 წლის აგვისტოში მოწამლეს. ის ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა, როდესაც თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა. თვითმფრინავი ომსკში დაეშვა, საიდანაც ორი დღის შემდეგ, ოჯახის წევრებისა და ადვოკატების მოთხოვნით, პოლიტიკოსი გერმანიაში გადაიყვანეს. მოგვიანებით, გერმანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს. აღნიშნული დასკვნა შვედეთისა და საფრანგეთის ლაბორატორიებმაც დაადასტურეს. 2021 წლის იანვარში ოპოზიციონერი სამშობლოში დაბრუნდა, ის შერემიტიევოს აეროპორტშივე დააკავეს.