გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის ცხედარი დედამისს, ლუდმილა ნავალნაიას გადაეცა. ინფორმაცია ნავალნის პრესმდივანმა კირა იარმიში სოციალურ ქსელ X-ზე გაავრცელა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე არ იციან ჩაერევა თუ არა რუსეთის ხელისუფლება ნავალნის დაკრძალვის საკითხებში.
„ალექსეის ცხედარი დედას გადასცეს. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამას მოითხოვდა. ამჟამად ალექსეის დედა სალეხარდშია. დაკრძალვა ჯერ კიდევ წინ არის. არ ვიცით, ჩაერევა თუ არა ხელისუფლება ისე, როგორც ოჯახს სურს და როგორც ალექსეი იმსახურებს. ჩვენ გავავრცელებთ ინფორმაციას, როგორც კი ხელმისაწვდომი გახდება“, – აცხადებს იარმიში.
შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნი 47 წლის ასაკში, იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში მდებარე მესამე კოლონიაში გარდაიცვალა. როგორც რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურში განაცხადეს, პატიმარმა მოულოდნელად გონება დაკარგა, ადგილზე მისულმა ექიმებმა კი მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. თუმცა, ამ ვერსიას უნდობლობას უცხადებენ საერთაშორისო ორგანიზაციები და დასავლეთის ქვეყნების ლიდერები.