უკრაინას სჭირდება მკაფიო გზა და შემდგომი ნაბიჯები, როგორ გახდეს ნატო-ს წევრი. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას პოლიტიკურ, სამხედრო დონეზე.
გავაგრძელებთ ამის კეთებას, მაგრამ ასევე უნდა ვიფიქროთ, რა არის ჩვენი უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ჩვენს რეგიონში, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ოსლოში, ნატო-ს არაფორმალური საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, ნაცრისფერი ზონის პოლიტიკა გრძელდება და ამის შედეგები იხილეს 2008 წელს საქართველოში და 2014 წელს უკრაინაში, ასევე, გასულ წელს სრულმასშტაბიანი ომის სახით.
„მთავარი საკითხია უკრაინა. ჩვენ მკაფიოდ ვუჭერთ მხარს იდეას, მივცეთ უკრაინას ძალიან მკაფიო გზა, გახდეს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი. ნატო მკაფიო და ძლიერი უსაფრთხოების გარანტიაა უკრაინისთვის ამ ომში და ჩვენ უნდა გავგზავნოთ ძლიერი გზავნილი, რომ აღარ იქნება ნაცრისფერი ზონები რუსეთის სამეზობლოში. ვიმედოვნებ, რომ ეს დისკუსია მიგვიყვანს ამის შესახებ კონსენსუსამდე, ნატო-ს სამიტისთვის ვილნიუსში, რომელიც ამ ზაფხულს გაიმართება. უკრაინას სჭირდება მკაფიო გზა და შემდგომი ნაბიჯები, როგორ გახდეს ნატო-ს წევრი. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას პოლიტიკურ დონეზე, სამხედრო დონეზე. ჩვენ გავაგრძელებთ ამის კეთებას, მაგრამ ასევე უნდა ვიფიქროთ, რა არის ჩვენი უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ჩვენს რეგიონში და ესტონეთის პოზიცია აქ მკაფიოა, ეს არის ნატო და ნატო-ს წევრობა. ჩვენ ისტორიიდან ვიხილეთ ეს, 15 წლის წინ ვთქვით, მათ შორის უკრაინისთვისაც – გელით ნატო-ში, მაგრამ ნაცრისფერი ზონის პოლიტიკა გრძელდება და ვხედავთ შედეგებს. ჩვენ ვიხილეთ ეს 2008 წელს საქართველოში, 2014-ში უკრაინაში და გასულ წელს ვიხილეთ სრულმასშტაბიანი ომი და გენოციდი, ბავშვების დეპორტაცია. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაცაა, მივცეთ მკაფიო გზა უკრაინას და ასევე ჩვენსთვის, მომავლისთვის განვსაზღვროთ მკაფიო პოზიციები, სად გადის ხაზები. ეს ასევე მკაფიო მესიჯია პუტინისა და რუსეთისთვის. მათ მხოლოდ მკაფიო ენა ესმით“, – განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.