“ნაციონალურმა მოძრაობამ“ დრამატული შეცდომები დაუშვა” – მიხეილ სარჯველაძე

125
spot_img

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში დრამატული შეცდომები დაუშვა.

მისივე თქმით, უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით ცდილობენ, ანტირუსული აგრესიული კამპანია იქადაგონ, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით კი სხვა პათოსით იყვნენ შეიარაღებული.

„ფაქტია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაუშვა დრამატული შეცდომები, რის შედეგადაც საქართველომ ვერ შეძლო, თავიდან აერიდებინა ის, რაც 2008 წელს მოხდა. ეს არის მოცემულობა. ამის შემდეგ, როდესაც თვალს ვადევნებთ რეზოლუციას, რომელიც მათ შორის, მათი მხრიდან იქნა მხარდაჭერილი, მგონი, გასაგებია, რომ უბრალო შეცდომებთან არ გვაქვს საქმე. რეალურად, ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ მტრული გადაწყვეტილებები მიიღეს. არ ვიცი, რით უნდა გაამართლონ, მათ შორის დღეს შეცვლილი რიტორიკა, როდესაც უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით ცდილობენ, ანტირუსული აგრესიული კამპანია იქადაგონ და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით სრულიად სხვა პათოსით იყვნენ შეიარაღებული.

ამიტომ, რასაკვირველია, ამ ხალხს არ დაეჯერება, როდესაც ხელისუფლებას აბრალებენ იმას, რასაც აბრალებენ. მათი შეცდომების შედეგად დავკარგეთ ასობით სოფელი საქართველოში. ეს ყველაფერი აბსოლუტურად მცდარი, არასწორი პოლიტიკისა და უგუნური ნაბიჯების რეზულტატია. შესაძლებელი იყო, მაგალითად, როყიო განცხადებებისგან ვინმეს თავი შეეკავებინა, ისეთივე აქტიურები ყოფილიყვნენ საერთაშორისო ასპარეზებზე, როგორიც დღევანდელი ხელისუფლებაა. სტრასბურგში საქმეს საქმეზე იგებს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ. ხე ნაყოფით იცნობაო, ვიცით, რაც მოიტანა მათმა პოლიტიკამ და 2008 წლის შემდეგ პოლიტიკა როგორი იყო, არამც თუ წინააღმდეგობრივი, არამედ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში იყო თანხმობა. როდესაც რუსეთი მიისწრაფოდა კონკრეტული ეკონომიკური ინტერესის დაკმაყოფილებისთვის, საქართველოს ხელისუფლებამ რის სანაცვლოდ გასცა თანხმობა, რა მოტივით აიხსნება ეს გადაწყვეტილება? ვინმემ ამიხსნას ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან. აქა-იქ წამოსცდებათ ხოლმე და ვიღაცამ თქვა, საიდანღაც დავალებად მივიღეთო, თორემ სხვა ახსნა ამას არ აქვს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.