“ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება ომის წლისთავს ყოველთვის 8 აგვისტოს აღნიშნავდა, სიმბოლოებზე კამათის დრო არ არის”

72
spot_img

მოღალატეობრივი იყო წინა ხელისუფლების მიერ ისეთ დოკუმენტებზე ხელის მოწერა, სადაც საქართველო დადანაშაულებული იყო ომის დაწყებასა და სამხედრო დანაშაულში. ეს იყო მტრული საქციელი საქართველოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა აგვისტოს ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით კამათის დრო არ არის.

„დამაჯერებლად შეიძლება იმის თქმა, რომ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, თუ უფრო რაციონალური პოლიტიკა და ისეთი მიდგომები იქნებოდა, რომელიც ქვეყნის ინტერესს პირველ ადგილზე დააყენებდა. ასეთ შემთხვევაში, მსგავსი აგრესიისა და მოვლენების თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა. ამავე დროს, ომის შემდეგ, საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, ისეთი პროცესების წარმართვა შეიძლებოდა, რომ გაცილებით სხვაგვარი ყოფილიყო მსოფლიოს რეაქცია. რასაკვირველია, საუბარი შეიძლება საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების მხრიდან დაშვებულ შეცდომებსა და საერთაშორისო თანამეგობრობის პასიურობაზეც. რა თქმა უნდა, ეს პასიურობა საქართველოს ხელისუფლების მუშაობას უნდა გაენეიტრალებინა, რათა რუსეთის წინააღმდეგ ერთი სანქცია მაინც ყოფილიყო.

მოღალატეობრივი იყო ისეთ დოკუმენტებზე ხელის მოწერა, სადაც საქართველო დადანაშაულებული იყო ომის დაწყებასა და სამხედრო დანაშაულში. ეს იყო ცუდი, მტრული საქციელი საქართველოს წინააღმდეგ. დაშვებული იყო შეცდომა და მოგვიანებით დიდი ძალისხმევა იყო საჭირო, რომ საქართველოს სტრასბურგსა და ჰააგაში გამარჯვებისთვის მიეღწია. ეს ყველაფერი გაცილებით მარტივი იქნებოდა, საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას პრაგმატული და გონივრული პოლიტიკა რომ ჰქონოდა. არ მგონია, რომ ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით დისკუსიის ინიციატორი ხელისუფლება იყოს, პირიქით. არ შეიძლება, ომის დაწყებიდან 15 წლის შემდეგ კამათი იყოს იმაზე, ომის დაწყების თარიღია 7 თუ 8 აგვისტო.

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება ომის წლისთავს ყოველთვის 8 აგვისტოს აღნიშნავდა. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამბავი და სიმბოლოებზე კამათის დრო არ არის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შინაარსი და ამბავი. შინაარსი იყო ის, რისკენაც მიდიოდა „ქართული ოცნება“, რომელმაც საერთაშორისო დავებში დიდი შრომა ჩადო, მათ შორის პირადად თეა წულუკიანის მხრიდან, როცა სტრასბურგის სასამართლოში გამარჯვება იყო მიღწეული. სტრასბურგის სასამართლოს მიერ რუსეთი გამოცხადდა, როგორც პასუხისმგებელი მხარე ადამიანის უფლებების დარღვევაზე. სამართლებრივი თვალსაზრისით, ახალი ასპარეზი გაიხსნა ჰააგის სასამართლოში. არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი თვალსაზრისით ბევრი შესაძლებლობა ჩნდება ჩვენი ქვეყნის უმთავრესი მიზნის მისაღწევად, რაც არის საქართველოს გამთლიანება და დეოკუპაცია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.