„ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, პარტიის ცენტრალურ ოფისს თავს დაესხნენ

27
spot_img

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, გასულ ღამეს პარტიის ცენტრალურ ოფისს თავს დაესხნენ.

„ივანიშვილის რუსული რეჟიმის ტიტუშკები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისს დაესხნენ თავს.

ვანდალური თავდასხმა ნახევარ საათზე მეტხანს გრძელდებოდა, სადაც მონაწილეობას ასამდე თავდამსხმელი იღებდა. დაზიანებულია ოფისის ფასადი, ჩამსხვრეულია შუშები, დაზიანებულია პარტიის ინვენტარი.

ეს არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების პასუხი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საქართველოს ინტერესების დაცვისა და ქართველი ხალხის გვერდით დგომისთვის. ივანიშვილის რეჟიმის პანიკური ქმედებები და მათ მიერ ორგანიზებული ძალადობა, სულ მალე, ქართველი ხალხის ურყევი ნებით, აუცილებლად დასრულდება! საქართველო რუსეთი არასდროს იქნება! ივანიშვილის რეჟიმი აუცილებლად დასრულდება!“, – აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში აცხადებს, ცენტრალურ ოფისზე თავდასხმა პოლიციასთან და სუს-თან ერთად იყო დაგეგმილი.

„პოლიცია მოვიდა ერთი საათის მერე. ეს იყო პოლიციასთან და სუს-თან ერთად დაგეგმილი ოპერაცია. გუშინ განახორციელეს თავდასხმები და შესაბამისად, დღეს ოფისში ბევრი ადამიანი იმყოფებოდა, რომ იგივე არ გაეკეთებინათ. პოლიციასთან ერთად ორგანიზდება ეს და პოლიცია არ რეაგირებს, ამიტომ, ბევრი ადამიანი იყო დარჩენილი და მათ შორის მეც ვარ, ჩემს 14 წლის მცირეწლოვან შვილთან ერთად. ასე ქვებით შემოცვივდა ფაქტობრივად ოფისში 30-40 ადამიანი. ეს ხალხი კამერებს დაფიქსირებული ჰყავს. ცდილობდნენ ოფისში შემოსვლას და ამ ადამიანებთან ფიზიკურად გასწორებას, რაც, რა თქმა უნდა, ვერ მოახერხეს. ასე მარტივადაც არ ჰქონდათ საქმე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მათი სურვილი ეგ იყო,“ – განაცხადა ხაბეიშვილმა.