“ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი სააკაშვილს აძლევს ხმას და არა იმას, თუ ვინ უზის მე-17 ნომრად სიაში” – ალექსანდრე რაქვიაშვილი

33
spot_img

საბოლოო ჯამში, „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის პარტიაა. ვიდრე მიხეილ სააკაშვილი დისტანცირებული იყო პოლიტიკიდან, ფაქტობრივად, „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლილი იყო და არც არსებობდა პოლიტიკურ ველზე. როდესაც მიხეილ სააკაშვილი დაუბრუნდა „ნაციონალურ მოძრაობას“, სულ სხვა შესაძლებლობები უჩნდება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი მიხეილ სააკაშვილს აძლევს ხმას და არა იმას, თუ ვინ არის მე-17 ნომრად სიაში.

„ამ კუთხით, არ მგონია, რომ ნიკა მელიას წასვლამ რაღაც შეცვალოს. არ ვიცი, მელია წავიდა თუ არა, საერთოდ რას აკეთებს. გასაგებია, ვიღაცები პარტიას დატოვებენ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი მიხეილ სააკაშვილს აძლევს ხმას და არა იმას, თუ ვინ უზის მე-17 ნომრად სიაში. „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ თავს შეინარჩუნებს, დაველოდოთ მოვლენებს. „ნაციონალური მოძრაობის“ სისუსტემ გამოიწვია ის, რომ „ლელომ“ „ნაცებს“ ორი ტელევიზია წააგლიჯა, რაც ზოგადად ოპოზიციისთვის დამაზიანებელია. ჯერჯერობით მთავარი შეცდომა, რასაც „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული ხალხი უშვებს, არის ის, რომ სააკაშვილს არ ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ სააკაშვილი საქმის კურსში არ იყო, რაც ხდებოდა. ეს მცდარი პოზიციაა და შეუძლებელია, მიშას სიყვარულით მიშას ხმები წაართვა და „ნაციონალურ მოძრაობას“ კონკურენცია გაუწიო“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

მისივე განცხადებით, ნიკა მელია თუ ახალ გაერთიანებას შექმნის, მას პერსპექტია არ ექნება.

„ცოტა უცნაურად გამოიყურება, ახლა რაც ხდება. თუ ნიკა მელია ამ ხალხის მეშვეობით რაღაც ახალ გაერთიანებას შექმნის, არ მგონია, რომ რამე პერსპექტივა ჰქონდეს. ყველაზე კარგ შემთხვევაში, ბოლოს ეს გაერთიანება აღმოჩნდება „ლელოში“, რომელიც, საბოლოო ჯამში, მაინც დაიშლება და დაახლოებით ბურჭულაძის პარტიის მომავალი ელოდება კარგ შემთხვევაში. ცუდ შემთხვევაში, უფრო მალე დაიშლება. მათ ადგილზე დავფიქრდებოდი, თუ პოლიტიკაში უნდათ და უნდათ პოლიტიკაში დარჩნენ იმით, რომ მიხეილ სააკაშვილი უფრო მეტად უყვართ, ვიდრე ახლა ვინც არის „ნაციონალურ მოძრაობაში“, ეს გზა ჩიხში შეიყვანთ და მალევე წარუმატებლობას დაინახავენ. თუ მართლა მიხეილ სააკაშვილს უჭერენ მხარს, „ნაცებში“ უნდა დარჩნენ; თუ არა და მაშინ რაღაც სხვა პოზიცია უნდა დაიკავონ და, სულ მცირე, სააკაშვილის კრიტიკა უნდა დაიწყონ, რომ განსხვავება აჩვენონ მათსა და „ნაცმოძრაობას“ შორის“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.