“ნაციონალური მოძრაობის“ ახალი მენეჯმენტი სააკაშვილის უპირობო გათავისუფლების ლოზუნგით მოვიდა, სპეცრაზმით ათავისუფლებდნენ”

36
spot_img

სააკაშვილის უპირობო გათავისუფლების ლოზუნგით მოვიდა „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი მენეჯმენტი, რა სადღეგრძელოს აღარ ვისმენდით. როდესაც ასეთ დაპირებას გასცემ, მერე კითხვებიც ჩნდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

დოლიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამარცხებით არის შესაძლებელი.

„ადრეც მითქვამს, თუ ვინმე გაათავისუფლებს მიხეილ სააკაშვილს, ისევ ჩვენი ამ წამოწყებით, რადგან არასდროს იქნება საკმარისი ამ კონფიგურაციის „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორალური ხმები იმისათვის, რომ რამე შეიცვალოს. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ჩემი გადმოსახედიდან მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამარცხებაზე გადის. ასე რომ, ჩვენზეა დამოკიდებული ბევრი რამ. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა შევცვალოთ ხელისუფლება და ქვეყანაში აღარ არსებობდნენ პოლიტიკური პატიმრები. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება გადის „ქართული ოცნების“ დამარცხებაზე. როდესაც დამარცხდება „ქართული ოცნება“, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ აღარ იარსებებენ პოლიტიკური პატიმრები ქვეყანაში. ჩვენ გვექნება დამოუკიდებელი სისტემები, უწყებები, სახელმწიფო ინსტიტუტები და, რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად სხვა განაცხადია. მანამდე რაღაც სადღეგრძელოები და ლოზუნგები – სპეცრაზმით ათავისუფლებდნენ – გამოიყენეს მხოლოდ ვიწრო ინტერესების გამო, რომ მოსულიყვნენ მენეჯმენტში, რა შერჩათ საბოლოო ჯამში, კი ვხედავთ. თუ ამოცანა არის რაღაც კონკრეტული, შესაბამისად, გზებიც ხომ უნდა იყოს ამ ამოცანის მისაღწევად. როდესაც ვლაპარაკობთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, ჩვენ ასე ვხედავთ, რომ მისი ტყვეობიდან დახსნის ორი გზა არის: ან სალომე ზურაბიშვილმა უნდა შეიწყალოს, ან „ქართული ოცნება“ უნდა დამარცხდეს არჩევნებში. სხვა გზა არ მგონია, არსებობდეს“, – განაცხადა დოლიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ქართველმა ხალხმა ახლავე უნდა დამიხსნას პატიმრობიდან“.

18 იანვარს „წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა“ კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილისა და იქ მყოფი სხვა პატიმარი პაციენტების პირობების შესახებ შეფასება გამოაქვეყნა და გარკვეული რეკომენდაციები გასცა. შეფასებაში აღნიშნულია, რომ ყველა პატიმარი, რომელიც „ვივამედის“ დაცულ ნაწილში იმყოფებოდა, დათანხმდა იქ მკურნალობას ნებაყოფლობით ან საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე. მათი უმრავლესობა კმაყოფილია მიღებული მკურნალობით.

„თითქმის ყველა ოთახს დიდი ფანჯრები ჰქონდა, რაც უზრუნველყოფდა კარგ ბუნებრივ განათებას და სასიამოვნო ხედს. თუმცა ეს არ ეხებოდა სააკაშვილის ოთახს, სადაც ფანჯრებში დაბურული შუშა იყო ჩასმული და პრაქტიკულად არ იღებოდა (კლინიკაში მიღების შემდეგ, ცხრა თვეზე მეტი ხნის განმავლობაში). ამ კონტექსტში, საქართველოს ხელისუფლებამ აცნობა კომიტეტს თავის 2023 წლის 12 აპრილის წერილში, რომ ფანჯრებში დაბურული შუშები შეიცვალა და ბ-ნ ს.-ს მიეცა გარე ხედისა და მზის შუქის ხილვის საშუალება. კომიტეტი მიესალმება ამ პოზიტიურ ნაბიჯს. სააკაშვილის ოთახი კარგად მოწყობილია (მას ჰქონდა დივანი, მაგიდა, სკამები და მაცივარი), განსხვავებით მე-4 და მე-6 სართულების ოთახებისა, სადაც პაციენტების ოთახებში ძირითადად მხოლოდ საწოლები და პატარა კარადები იყო განთავსებული, არ ჰქონდათ სკამები და მაგიდები (გარდა რამდენიმე ოთახისა, სადაც უფრო მძიმედ დაავადებული პაციენტები იმყოფებოდნენ), რაც ნიშნავდა, რომ პაციენტებს საკვების მიღება მხოლოდ საწოლზე მჯდომარეებს შეეძლოთ (არ იყო გამოყოფილი სასადილო ოთახები). დელეგაციამ ნათლად დაინახა, რომ პაციენტების უმეტესობა არ იყო საწოლზე მიჯაჭვული. კომიტეტი „ვივამედის“ კლინიკის მე-4 და მე-6 სართულების პაციენტების ოთახების ავეჯით უზრუნველყოფის რეკომენდაციას იძლევა, ზემოაღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით“, – აღნიშნულია კომიტეტის შეფასებაში.