„ნაციონალური მოძრაობა“ თავის არსებობის ბოლო პერიოდს გადის, წინასაარჩევნო პერიოდი და 2024 წელი იქნება ალბათ გადამწყვეტი ამ კუთხით,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მალე, სულ მცირე ნომერ პირველი ოპოზიციური პარტია ვეღარ იქნება.
„ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა” თავის დროზე როგორც სისტემური დანაშაულის ჩამდენი პოლიტიკური ძალა არ გასამართლდა და როგორც მაშინდელმა პრემიერმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ბრძანა, რომ მათ მოექცნენ არა ისე, როგორც იმსახურებდნენ, არამედ როგორც ქართველი ხალხი იმსახურებს, ამ ყველაფერმა საბოლოო ჯამში ნათელი გახადა, რომ ვერ გაიაზრეს და გაითავისეს ის დანაშაულები, რაც ხალხის წინაშე აქვთ ჩადენილი. არა დემოკრატიის შუქურა, არამედ ავტოკრატიის და ტირანიის ბუდე იყო საქართველო „ნაცმოძრაობის” ხელისუფლების პირობებში. ამიტომ ეს დაპირისპირება არის მცირე ნაწილი დუღილისა, სადაც სიბინძურე ზემოდან ექცევა და საზოგადოებისთვის თვალსაჩინო ხდება, მაგრამ შიდა დინებებიც იმდენად მძიმე და ბინძურია, რომ ამ დანაშაულებრივ დაჯგუფებას წარმოუდგენელია ჰქონდეს რაიმე პერსპექტივა მომავალ არჩევნებზე”, – განაცხადა მათიკაშვილმა.