“ნაციონალური მოძრაობა“ იბრძვის სასამართლოს ხელში ჩაგდებისათვის და იმიტომ მოიგონეს „ვეიტინგის სისტემა”

16
spot_img

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ იბრძვის სასამართლოს ხელში ჩაგდებისათვის და „იმიტომ მოიგონეს ეს „ვეიტინგიც“.

მისივე განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეაფასებს დადებითად მმართველი გუნდის გატარებულ რეფორმებს, როდესაც „მათ ჩაუგდებ ხელში სასამართლოს და ის არ იქნება დამოუკიდებელი, არამედ იქნება „ნაცმოძრაობის“ გავლენის ქვეშ“.

„[„ვეიტინგის“ სისტემა] აბსოლუტურად მიუღებელია. პირადად ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის და პოლიტიკოსისთვის, სახელმწიფო, რომელიც ვერ უვლის, საკუთარი კადრებით ვერ აბამს თავს რაღაცის გაკეთებას და სახელმწიფოში, სადაც სჭირდებათ სხვა ქვეყნის წარმომადგენლების ჩამოყვანა იმისათვის, რომ რაღაც საქმე გააკეთონ და წარმატებით დაასრულონ, ბოლომდე შემდგარი არ უნდა იყოს და ასეთი ქვეყანა ჩვენ არ გვაქვს. ჩვენი სახელმწიფო არის ბოლომდე შემდგარი, ინსტიტუტები მუშაობენ გამართულად და არანაირი უცხოელი წარმომადგენლები, განსაკუთრებით მაშინ ერთ-ერთ ქვეყანაში ადეიშვილის ყოფილი მოადგილე უდგას ამ ე.წ რეფორმას სათავეში და გასაგებია რა კატეგორიის ხალხი შეიძლება მოხვდეს ამ ეგიდით საქართველოში, აბსოლუტურად მიუღებელია ეს მოდელი. კატეგორიული მიუღებლობაა აგრეთვე იმის გამო, რომ „ნაცმოძრაობას“, მის პატრონებს და მის დანაყოფებს მხოლოდ ერთ შემთხვევაში დააკმაყოფილებს ჩვენს მიერ გატარებული რეფორმა, ეს „ვეიტინგიც“ იმიტომ მოიგონეს, როგორც კი მათ ჩაუგდებ ხელში სასამართლოს და ის არ იქნება დამოუკიდებელი, არამედ “ნაცმოძრაობის” გავლენის ქვეშ იქნება, მაშინვე გაჩერდებიან და შეაფასებენ დადებითად. სხვა შემთხვევაში მათ არ ექნებათ პოზიტიური შეფასებები. ეს გასაგებია და იბრძოლებენ სასამართლოსთვის, ჩვენ არა სასამართლოსთვის, არამედ ბოლომდე ვიბრძოლებთ მისი დამოუკიდებლობისთვის. რა სახელები და გვარებიც არ უნდა აბრახუნონ, რაც არ უნდა გაუხსენონ, სპეკულაციურად თუ მის გარეშე რაც არ უნდა ქნან, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის. ისინი იბრძვიან სასამართლოს ხელში ჩაგდებისათვის, იმიტომ მოიგონეს ეს „ვეიტინგიც“ , – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრაზე წარადგინეს წინადადება, რომ სასამართლო სისტემაში მოსამართლეების დანიშვნა, გადარჩევა „ვეიტინგის“ საფუძველზე მოხდეს.