„ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციას არ ვაპირებთ და სალომე ზურაბიშვილს ვთხოვ, დააკონკრეტოს, ვისთან კოალიციისკენ მოგვიწოდებს”

16
spot_img

ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არანაირი კოალიციას არ ვაპირებთ და სალომე ზურაბიშვილს ვთხოვ, დააკონკრეტოს, ვისთან კოალიციაზე მოგვიწოდებს – თუ ის ოპოზიციის შიგნით კოალიციაზე საუბრობს, მათ ყველანაირი კოალიცია უკვე მოსინჯული აქვთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადება შეაფასა.

მისივე თქმით, კოალიციაზე საუბარი, მითუმეტეს, პრეზიდენტის მხრიდან, რომელიც არ უნდა იყოს ოპოზიციის სპიკერი, რეალობის დამახინჯებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

„პირველ რიგში, მან უნდა აუხსნას საზოგადოებას, ვისთან კოალიციაზე მოგვიწოდებს ჩვენ. „ქართულ ოცნებას“ აქვს საზოგადოების საკმაოდ დიდი მხარდაჭერა, იმისთვის რომ ჩვენ შემდეგ არჩევნებში მყარი უმრავლესობა მივიღოთ პარლამენტში და კანონის და კონსტიტუციის შესაბამისად დავაკომპლექტოთ მთავრობა. შესაბამისად, კოალიციაზე საუბარი ახლა, მითუმეტეს, პრეზიდენტის მხრიდან, რომელიც არ უნდა იყოს ოპოზიციის სპიკერი, რა თქმა უნდა, ემსახურება რეალობის დამახინჯებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

თუ ის საუბრობს ოპოზიციის შიგნით კოალიციაზე, ესეც არის, რა თქმა უნდა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, იმიტომ, რომ ეს ოპოზიცია კოალიციაშიც არის, ქოლგის ქვეშაც ნამყოფია, ფანჩატურშიც იყო შეკრებილი, პარლამენტის ბოიკოტსაც ერთად ახორციელებდნენ, ასე რომ, ყველანაირი კოალიცია ამ ოპოზიციას უკვე მოსინჯული აქვს და არანაირი სხვადასხვა ძალა რეალურად იქ არ არის. რეალურად აქ არის ერთი გაერთიანება. ეს არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც არანაირი კოალიციის მორალური უფლება არ აქვს. კონკრეტულად მინდა გითხრათ – ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, იმ ძალასთან, რომელიც ქვეყანაში რეკეტს ახორციელებდა, არანაირი კოალიციას არ ვაპირებთ და ვთხოვ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, დააკონკრეტოს და აუხსნას საზოგადოებას, ვისთან კოალიციაზე მოგვიწოდებს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ჩვენი მხარდაჭერა არის 60% და ჩვენ შეგვიძლია დავაკომპლექტოთ მთავრობა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ “ – განაცხადა თალაკვაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ,,ევროაქტივთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ საქართველოში კოალიციური მთავრობა იქნება, ეს იქნება პოლარიზაციის დასასრული.

„თუ არ იქნება მკაფიო უმრავლესობა და გვეყოლება კოალიციური მთავრობა (იქნებ დროა საქართველომ ეს გამოცადოს) ეს იქნება პოლარიზაციის დასასრული, რადგან ჩვენ მოგვიწევს ვისწავლოთ ერთმანეთთან მუშაობა და [ქვეყნის] ერთად მართვა,”- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ,,ევროაქტივთან“ ინტერვიუში, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.