„ნაცი“ „ნაცია“ თავისი ბოროტებით” – მდინარაძე

19
spot_img

რაც არ უნდა გადანაწილდნენ ერთმანეთში, თაღლითი თაღლითია, მოღალატე მოღალატეა, „ნაცი“ „ნაცია“ თავისი ბოროტებით, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს „ნაცმოძრაობაზე“, „ლელოსა“ და გიორგი გახარიას პარტიაზე საუბრისას განუცხადა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა გასულ კვირას პარლამენტში ამ პარტიების წარმომადგენლების შეცვლილ რიტორიკაზეც ისაუბრა.

„წინა კვირაში, ერთ მშვენიერ დღეს უცებ აღმოჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან კარგად დავარცხნილები, ჰალსტუხებით წარმოდგენილები, განსხვავებულ ამპლუაში და არიან კონსტრუქციულები. ამ დროს უფრო გაშმაგდნენ „ლელოსა“ და გახარიას წარმომადგენლები. ეს ხომ როლებია. უთხრეს: შენ ამას ითამაშებ, შენ ამას. ეს ხომ სიყალბის მტკიცებულებაც არის. მე რომ ხვალ სხვანაირი გავხდე, ვიდრე ამ წლების განმავლობაში ვიყავი, ხომ გაგიჩნდებათ კითხვა, რომ „ეს უკვე თავის თავს აღარ ეკუთვნის, ეს ადამიანი თამაშობს“. ყველა მათგანი ასრულებს როლს. შესაბამისად, ეს არის უტყუარი მტკიცებულება, რომ ზოგი იქნება ხან რადიკალური, ხან კონსტრუქციული“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ამის მიზანია, რომ პარტიამ „საქართველოსთვის“ „ქართულ ოცნებას“ ჩამოართვას „ხმების 1-2% მაინც“, „ლელომ“ კი რადიკალურად განწყობილი ამომრჩეველი მიიზიდოს.