„ნაცების“ ფასების კამპანიამ პირწმინდად დაამარცხა „ქოცების“ ლგბტ კამპანია და საჭირო გახდა ახალ-ახალი საჩხუბარი თემების შემოღება” – იაგო ხვიჩია

13
spot_img

აქამდეც კი ჰგავდნენ მუშაობის სტილით [„ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“], მაგრამ ახლა აყოლილები არიან, იქიდან გამომდინარე, რომ „ნაცების” ფასების კამპანიამ პირწმინდად დაამარცხა „ქოცების“ ლგბტ კამპანია და საჭირო გახდა ახალ-ახალი საჩხუბარი თემების შემოღება, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან ე.წ რუსულ კანონზე საუბრისას განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, ხალხი ოპოზიციამ არ უნდა გამოიყვანოს. ხალხი თუ თავისით გამოვიდა ქუჩაში, ოპოზიციას სრული უფლება აქვს შეუერთდეს.

“ჩემი აზრით, საჭიროება [ე.წ რუსული კანონის დაინიცირების] განაპირობა “ნაცების” ტაქტიკის ცვლილებამ. “ქოცები” ახლა “ნაცებს” არიან აყოლილები. აქამდეც კი ჰგავდნენ მუშაობის სტილით, მაგრამ ახლა აყოლილები არიან, იქიდან გამომდინარე, რომ “ნაცების” ფასების კამპანიამ პირწმინდად დაამარცხა “ქოცების” ლგბტ კამპანია და საჭირო გახდა ახალ-ახალი საჩხუბარი თემების შემოღება. ეს საჩხუბარი მიზეზი აქამდე იყო ლგბტ კამპანიის ფარგლებში, მაგრამ “ნაცები” არ აჰყვნენ და სიმშვიდე შეინარჩუნეს, “ქოცებს” იქით დაგბრალდათ ლგბტ პროპაგანდისტობა და ახლა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გამოიწვიონ გაღიზიანება და ჩხუბში გადაიყვანონ წინასაარჩევნო კამპანია და ოღონდ საქმეზე ლაპარაკი არ მოუწიოთ, ამისთვის შემოიტანეს ეს კანონი და იმედი აქვთ, ახლა ოპოზიცია ხალხის ქუჩაში გამოყვანას დაიწყებს. ეს პროცესი ჩაფლავდება და შემდეგ თვითონ გამარჯვებულები ეცდებიან, რომ გამარჯვებულის მენტალიტეტით გავიდნენ არჩევნებზე.

ხალხი ოპოზიციამ არ უნდა გამოიყვანოს. ხალხი თუ თავისით გამოვიდა ქუჩაში, ოპოზიციას სრული უფლება აქვს შეუერთდეს, მაგრამ მგონი, რომან გოცირიძე ხალხს რომ ეპატიჟება, გარეთ გამოდითო, ეგ არის ხალხის დაშლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური “ქოცური” გზა. როდის უთქვამს რომანს სიმართლე, რომ ახლა მის ნათქვამზე გამოვიდნენ?

ხალხი თავისით გამოვა, თუ მიახვედრებ, რომ გამოსასვლელია. ჩემი აზრით, ხალხს უნდა ველაპარაკოთ, რომ გამოსასვლელია არჩევნებზე – 26 ოქტომბერს. ხალხს მანამდეც თუ მოუნდებათ გამოსვლა, მერე შეგიძლია შეუერთდე, მაგრამ არ უნდა შეაშინო” , – აღნიშნა ხვიჩიამ.

ამავე თემაზე საუბრისას, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ამ კანონს “რუსულ კანონს” მოფერებით ეძახიან. ამასთან, მისი აზრით,საქართველოს პარლამენტში მიღებული კანონების 80% რუსულია.

“იმ ქვეყანაში, სადაც მსგავსი ტიპის კანონები არსებობს, არსებობს ლობიზმის თავისუფლება და ლობიზმის ლეგალურობა, მაგრამ ლობიზმის რეგულირების გარეშე, ამ კანონმდებლობის შემოღების პირველი ეტაპი, სიტყვა-სიტყვით, ტერმინების დონეზე ხდებოდა რუსეთში და თვითონ პუტინი ხელმძღვანელობდა ამ პროცესს. ეს გაშვებულიც იყო სხვადასხვა ტელეეთერში, საზოგადოებას აქვს საშუალება, რომ ეს ყველაფერი ნახოს და სწორედ ამიტომ ეძახიან მოფერებით ამ კანონს “რუსულ კანონს”, თორემ მე თუ მკითხავ, ამ პარლამენტში მიღებული კანონების 80%, ჩემი აზრით, რუსულია. იმიტომ რომ აუარესებს ამ ქვეყანაში ადამიანთა თავისუფლების მდგომარეობას”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში ოფიციალურად ინიცირებულია.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – კერძოდ კი, 20%-ზე მეტი – უცხოეთიდან არის მიღებული.

კანონპროექტი თავისი შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და შემდგომში “ჩაგდებული“ პროექტის ანალოგიურია. პროექტის მიხედვით, ყველა, ვინც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა.