“ნატო-ს ლიდერები ალიანსის ხელმძღვანელის თანამდებობაზე სტოლტენბერგის უფლებამოსილების გახანგრძლივებას ემხრობიან” – „ფაინენშელ თაიმსი“

spot_img

ნატო-ს ლიდერები ალიანსის ხელმძღვანელის თანამდებობაზე იენს სტოლტენბერგის უფლებამოსილების გახანგრძლივებას ემხრობიან, რადგან შემცვლელზე შეთანხმება მიღწეული არ არის – ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშელ თაიმსი“ აქვეყნებს.

„უწყვეტობის ინტერესებიდან გამომდინარე, ამას აზრი აქვს. ის ამას გააკეთებდა. ის მოვალეობის შემსრულებელი ადამიანია“, – განაცხადა ერთ-ერთმა დასავლელმა დიპლომატმა.

გამოცემა წერს, რომ გამწვავებული დებატები იმის თაობაზე, თუ ვინ უნდა შეცვალოს სტოლტენბერგი, რომლის ამჟამინდელი მანდატი ოქტომბერში მთავრდება, ნატო-სთვის მნიშვნელოვან დროს მიმდინარეობს, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას და ჩინეთს უკავშირდება.

„სტოლტენბერგი იყო შესანიშნავი გენერალური მდივანი და მე ახლა ნავის რყევის აზრს ვერ ვხედავ“, – განაცხადა ნატო-ს წევრი ერთ-ერთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ალიანსის ბევრმა ქვეყანამ გამოთქვა მხარდაჭერა ალიანსის პირველი ქალი გენერალური მდივნის არჩევაზე, სხვები კი ამბობენ, რომ აღმოსავლეთ ევროპის კანდიდატი წარმოაჩენდა რეგიონის მზარდ წონას და უკრაინაში ომის მნიშვნელობას.

„ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ ქვეყნების უმეტესობა, მათ შორის აშშ-ის და ალიანსის უმსხვილესი წევრების უმეტესობა, თვლის, რომ თანამდებობა უნდა დაიკავოს ამჟამინდელმა ან ყოფილმა პრეზიდენტმა ან პრემიერ-მინისტრმა.

გამოცემის თანახმად, გერმანია და საფრანგეთი დანიის პრემიერ-მინისტრის, მეტე ფრედერიკსენის კანდიდატურას უჭერენ მხარს, თუმცა დანიის მთავრობის ხელმძღვანელის მიმართ დიდ მხარდაჭერას არ გამოხატავს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

„ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ ნატო-ს გენერალურ მდივანთან დაახლოებული ადამიანების თქმით, სტოლტენბერგი სულ უფრო გაღიზიანებულია იმის გამო, რომ არ აქვს მკაფიო გზავნილი მის მომავალთან დაკავშირებით.