ნარკოდანაშაულში ბრალდებულს თელავის სასამართლომ 11 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

19
spot_img

თელავის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტებზე, ერთი პირი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებებს „ბუპრენორფინს“ და „გამომშრალ მარიხუანას“. ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ ნაწილი მან თბილისში გაასაღა.

„მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი (3 ეპიზოდი) და მე-4 ნაწილებით (2 ეპიზოდი) (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება) და 273-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პროკურატურა ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.