“ნაყოფიას რაც ენატრება ის ესიზმრება” – ირაკლი მენაღარიშვილი

2731
spot_img

“ეჭვიც არ მეპარება, რომ თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ვადამდელი არჩევნები იქნება – ოპოზიცია უნდა იყოს მზად და სტრატეგიულ საკითხებზე შეთანხმებული,” – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა კობა ნაყოფიამ განაცხადა.

მისი თქმით, შემდეგი არჩევნები შეიძლება ბევრად უფრო სწრაფად იყოს, ვიდრე წარმოგვიდგენია.

„კარგად მოგეხსენებათ, შემოდგომაზე საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს. ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა, რომ არ მიიღოს სტატუსი, მაგრამ ამ შემთხვევაში შეიძლება პროცესები კიდევ უფრო დაჩქარდეს და არჩევნები კიდევ უფრო სწრაფად ჩატარდეს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. თუ ისე მოხდა, რომ ეს სტატუსი საქართველომ ვერ მიიღო, რა თქმა უნდა, ეჭვიც არ მეპარება, რომ არჩევნები შეიძლება უფრო ადრე ჩატარდეს, ვიდრე ამას ველოდებით, ამიტომ ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია უნდა იყოს მზად და ბევრ სტრატეგიულ საკითხთან მიმართებაში შეთანხმებული იყოს. ეჭვიც არ მეპარება, რომ თუკი, სტატუსს ქვეყანა ვერ მიიღებს, ვადამდელი არჩევნები იქნება“, – განაცხადა ნაყოფიამ.

კობა ნაყოფიას განცხადებას პოლიტიკურ სპექტრში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური კალენდარიც კი არეული აქვს – როდესაც 2024 წლის იანვარ-თებერვლისათვის რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე საუბრობენ, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური კალენდარი და კურსიც დაკარგული აქვთ!“ – აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე.

თალაკვაძის თქმით, ოპოზიცია 2024 წლის იანვარ-თებერვალში არა პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებისთვის, არამედ რიგითი არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს.

“სტატუსს როდესაც ვერ მივიღებთ, იმ პოლიტიკურ რეალობაში, რომელშიც ვცხოვრობთ, რომ მოსახლეობის 90% სულით და გულით ევროპისკენ მიისწრაფვის და ოჯახის მომავალს ევროპას უკავშირებს, რა თქმა უნდა ექნება სახალხო, საჯარო მოთხოვნა ვადამდელ არჩევნებზე,” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

როგორც ცისკარიშვილმა აღნიშნა, ისინი ვადამდელი არჩევნებისთვის მზად ნებისმიერ მომენტში არიან, ოღონდ აუცილებელია ყველამ ერთად, სხვა ოპოზიციონერ პარტნიორებთან ერთად, ხელისუფლება აიძულონ, რომ საარჩევნო კოდექსში მაქსიმალურად მეტი ცვლილება იქნას გატარებული.

მისივე შეფასებით, ოპოზიციის ერთადერთი იმედი დესტაბილიზაციისა და არეულობის გამოწვევაა და სწორედ ამიტომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების დაბლოკვას მაქსიმალურად ცდილობენ.

კობა ნაყოფიას განცხადებას „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი გამოეხმაურა.

მისი თქმით, ნაყოფიას განცხადება ქაოსის გამომწვევია.

„ეს განცხადება ლოგიკური ნამდვილად არ არის. ბატონ ნაყოფიას რაც ენატრება ის ესიზმრება, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. უდავოდ, ქაოსის გამომწვევი განცხადებაა და პოლიტიკური თამაშის ნაწილიც არის, ვფიქრობ, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე.

არ ვიცი, რამდენად მზად იქნება ოპოზიცია ვადამდელი არჩევნებისთვის. თუმცა, მართლა ვერ ვხედავ საფუძველს, როგორ უნდა იყოს საქართველოში მსგავსი რამ, როდესაც არჩეული ხელისუფლება ჯერ ისევ ფუნქციონირებს,“– განაცხადა ჩვენთან საუბარში ირაკლი მენაღარიშვილმა.