N308 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები 2 მარტიდან იმოძრავებენ

104
spot_img

MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსები N308 მარშრუტზეც იმოძრავებენ. აღნიშნულ მარშრუტზე აქამდე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები ცხრა ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსით 2 მარტიდან ჩანაცვლდება.

N308 ავტობუსი ბარათაშვილის ქუჩიდან გადაადგილდება უკვე არსებული სქემით – თავისუფლების მოედნის, რუსთაველის გამზირის, კოსტავას ქუჩის, გმირთა მოედნის, თამარ მეფის გამზირის, წინამძღვრიშვილის ქუჩის, წერეთლის გამზირის, ერისთავის ქუჩის, გურამიშვილის გამზირის, სარაჯიშვილის ქუჩის, აკაკი ვასაძის ქუჩის, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმართულებით და მოძრაობას ომარ ხიზანიშვილის ქუჩაზე (გლდანის VII–VIII მიკრორაიონების დამაკავშირებელი გზა) დაასრულებს.

რაც შეეხება უკუმიმართულებით მოძრაობას, გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის  ისტორიულ არეალებში მდებარე ზოგიერთ ქუჩაზე არ არის მიზანშეწონილი ინფრასტრუქტურული ჩარევა, რაც 18-მეტრიანი ავტობუსების გაბარიტების გათვალისწინებითაა საჭირო, ავტობუსი შეიცვლის მარშრუტს და გადაადგილდება მცირედი ცვლილებით.

კერძოდ, ამ შემთხვევაში, ავტობუსი მგზავრთა მომსახურებისთვის გამოიყენებს ბარათაშვილისა და პუშკინის ქუჩებს, თავისუფლების  მოედანს, რუსთაველის გამზირს, კოსტავას ქუჩას, გმირთა მოედანს, თამარ მეფის გამზირს, წინამძღვრიშვილის ქუჩას, წერეთლის გამზირს, ერისთავის ქუჩას, გურამიშვილის გამზირს, სარაჯიშვილის, ქერჩისა და ვასაძის ქუჩებს, შემდეგ გადაადგილდება მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიისკენ და ხიზანიშვილის ქუჩაზე (გლდანის VII–VIII მიკრორაიონების დამაკავშირებელი გზა) გაჩერდება.

კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსებში მოქმედებს საინფორმაციო სისტემა, რომელიც მოიცავს მგზავრების საფასურის გადახდისა და საინფორმაციო სისტემების მართვის კომპიუტერს, საინფორმაციო დაფებს, აუდიო საინფორმაციო და ვიდეომონიტორინგის სისტემას. ასევე, WIFI მოწყობილობას.

აღსანიშნავია, რომ 18-მეტრიანი 160 ერთეული ავტობუსი მუნიციპალიტეტმა სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში შეიძინა. უახლოეს დღეებში დაგეგმილია ასევე, 18-მეტრიანი ავტობუსების გადანაწილება N301-სა და N314 მარშრუტებზე.