მზად ვიქნებით იმისთვის, რომ მევენახეებს არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს” – ოთარ შამუგია”

66
spot_img

ჩვენ ყველანაირად მზად ვიქნებით იმისთვის, რომ მევენახეებს არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა. მან რთველი 2023-ის საორგანიზაციო საკითხებსა და სუბსიდირებაზე ისაუბრა.

„მთავრობამ მიიღო „2023 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ განკარგულება. ჩვენ ყველა მოსამზადებელი პროცესი გავლილი გვაქვს და თვის ბოლოს, 25 ან 26 აგვისტოს, გაიხსნება შტაბი, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე უხელმძღვანელებს. პროცესში ჩართული იქნება მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები.

ასევე მთავრობის განკარგულებით, განისაზღვრა სუბსიდიის ოდენობა, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძენზე 20 თეთრის ოდენობით. კერძოდ, ყველა ის საწარმო, რომელიც 100 ტონაზე მეტ ყურძენს ჩაიბარებს და გადაამუშავებს, მიიღებს სუბსიდიას 20 თეთრის ოდენობით იმ შემთხვევაში, თუ 1 კგ ყურძენზე გადაიხდის არანაკლებ 90 თეთრს.

ვფიქრობთ, რომ სუბსიდია ჯერ კიდევ საჭირო და მნიშვნელოვანია დარგისთვის, თუმცა წელს, ეს არის გაცილებით ნაკლები ოდენობის თანხა, ვიდრე ეს იყო თუნდაც შარშან და გასულ წლებში, როდესაც სუბსიდია 1 კგ-ზე 35 თეთრს შეადგენდა. შემცირების საშუალება ჩვენ მოგვცა სწორედ იმ გატარებულმა პოლიტიკამ, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ვახორციელებთ მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის.

ჩვენ ყოველწლიურად ვაუმჯობესებთ ღვინის ხარისხს, იზრდება ღვინის ექსპორტი. შარშან გვქონდა დაახლოებით 30%-იანი ზრდა. წლევანდელი 7 თვის მონაცემებითაც ვინარჩუნებთ ზრდის დინამიკას, რამაც მოგვცა საშუალება, რომ გადაგვედგა ეს ნაბიჯი. ვფიქრობთ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ხელი შევუწყოთ მეწარმეებს უფრო მეტად იყვნენ წარმოდგენილი ყველა პრიორიტეტულ ბაზარზე და ჩვენი ღვინის ექსპორტი იყოს მზარდი.

წელს სუბსიდიის საერთო ბიუჯეტი განსაზღვრულია 50 მილიონის ოდენობით. ვფიქრობთ, რომ წლევანდელი მოსავალი შედარებით ნაკლები იქნება ვიდრე შარშან, ვინაიდან კლიმატურმა პირობებმა გავლენა იქონია ყურძნის რაოდენობასა და ხარისხზე.

რაც შეეხება ყურძენს, რომელსაც კერძო სექტორი ვერ ჩაიბარებს, რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფო საწარმო მიიღებს და გადაამუშავებს. ჩვენ ყველანაირად მზად ვიქნებით იმისთვის, რომ მევენახეებს არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.