მზად ვართ, თუნდაც ერთპარტიულად შევასრულოთ 9 მოთხოვნა, რომელიც ევროკავშირმა წამოაყენა -ირაკლი კობახიძე

22
spot_img

პრაქტიკულად, თითქმის ერთპარტიულად მოვახერხეთ ჩვენ თავის დროზე 12 პუნქტის შესრულება, რის საფუძველზეც კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭა – ახლაც მზად ვართ, რომ თუნდაც ერთპარტიულად შევასრულოთ 9 მოთხოვნა, რომელიც ევროკავშირმა წამოაყენა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, 9 დათქმის შესრულებაში სხვა პარტიებიც თუ ჩაერთვებიან, „კარგი იქნება“.

„თუ იქნება სხვა პარტიების ჩართულობა უზრუნველყოფილი, ეს კარგი იქნება, თუმცა „ლელოს“ და სხვა რადიკალური პარტიების იმედი ჩვენ არც წარსულში გვქონდა და ვერც მომავალში გვექნება. მათ აირჩიეს საკუთარი რადიკალური დღის წესრიგი და ალბათ, ამ რადიკალურ დღის წესრიგს გაჰყვებიან.

9-პუნქტიანი გეგმა თავის დროზე ერთობლივად შევადგინეთ – მთავრობა, პარლამენტი ერთად ვიყავით ჩართული ამ გეგმის მომზადებაში და იმ სამოქმედო გეგმას გავყვებით, რომელიც მთავრობის მიერ არის ოფიციალურად დამტკიცებული. რაც შეეხება ვადებში მცირე აცდენებს, ამ აცდენებთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა სამუშაო ფორმატში, მათ შორის ოპოზიციასთან საუბარი – თუ რაღაც საკითხები საჭიროებს მეტ კონსულტაციებს, მზად ვართ, რომ მეტი დრო დავუთმოთ ანუ ფორმალურად ამ ვადებს არ გავყვებით, თუმცა მეტი კონსულტაციების საჭიროება თუ იქნება, ამ შემთხვევაში გაგრძელდება კონსულტაციები. მთავარია, რომ ხარისხიანი შედეგი მივიღოთ“, – აღნიშნა კობახიძემ.

კობახიძე ჟურნალისტებთან საუბრისას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ერთადერთი „ნაცმოძრაობაა“, ვინც მარტივად ლახავს 5%-იან საარჩევნო ბარიერს, დანარჩენი ყველა პარტიას ბარიერის გადალახვა უჭირს“.

„დღევანდელი რეიტინგები ყველამ იცის, ერთადერთი „ნაცმოძრაობაა“, ვინც მარტივად ლახავს 5%-იან საარჩევნო ბარიერს, დანარჩენი ყველა პარტიას ბარიერის გადალახვა უჭირს. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, საზოგადოებას თავად შეუძლია გამოიტანოს საკუთარი დასკვნები, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ითხოვდნენ და ითხოვენ აქტიურად ბარიერის დაბლა დაწევას.

დღეს მხოლოდ „ნაცმოძრაობას“ აქვს ასეთი შანსი, სამწუხაროდ, ვერც ერთი არარადიკალური ოპოზიციური პარტია ვერ ლახავს ბარიერს. ვერც რადიკალურები, მაგრამ სამწუხაროდ, ვერც არარადიკალურები გადალახავენ ბარიერს, ეს არის დღევანდელი მოცემულობა, რაც ძალიან ცუდია.

საბოლოო ჯამში, ჩვენ ამ ვითარებაში შედეგად მივიღებთ პარლამენტში ისევ ორ პარტიას. ეს იქნება „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“, წარმოდგენილი არ იქნება არცერთი არარადიკალური ოპოზიციური პარტია პარლამენტში, რაც ძალიან სამწუხაროა, თუმცა იმ პირობებში, როცა ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობას მივიღებთ, ამის ძალიან კარგი შანსი გვაქვს, მომდევნო წლებში შეიძლება რადიკალურად შევცვალოთ პოლიტიკურ სპექტრში ვითარება, რა თქმა უნდა, სასიკეთო მიმართულებით“, – განაცხადა კობახიძემ.