“მზად ვართ, მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, დამატებითი წამახალისებელი მექანიზმები შემოვიღოთ იგივე იპოთეკური სუბსიდირების პროგრამაში”

35
spot_img

ჩვენ მზად ვართ, რომ დამატებითი მოტივატორები, დამატებითი წამახალისებელი მექანიზმები შემოვიღოთ იგივე იპოთეკური სუბსიდირების პროგრამაში – იმედი გვაქვს, რომ დემოგრაფიული საბჭოს ფარგლებში ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ მომავალი წლის დასაწყისში და საზოგადოებას ახალი წამახალისებელი მექანიზმების შესახებ მივაწვდით ინფორმაციას, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მიმდინარეობს თუ არა პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებულ ინიციატივაზე, რომ ხელისუფლებას სურს იპოთეკური სუბსიდიის გაფართოება და ვის შეეხება აღნიშნული ცვლილება.

მინისტრის განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ხორციელდება ძალიან დეტალური კვლევები იმის დასადგენად, თუ რა არის წამახალისებელი ფაქტორები, რომ საქართველოში ადამიანების სოციალური და დემოგრაფიული პირობები გაუმჯობესდეს და აღნიშნული კვლევის დასრულების შემდეგ დემოგრაფიული საბჭო კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს.

„ამ პროგრამის ძირითადი მნიშვნელობა არის ის, რომ ჩვენს მოსახლეობას საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდეს. რა თქმა უნდა, ეს ირიბად უკვე დაკავშირებულია სამშენებლო სექტორის წახალისებასთან, მის განვითარებასა და ზრდასთან, თუმცა ამოსავალი მიზანი არის მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. თქვენ იცით, რომ პრემიერის ხელმძღვანელობით შექმნილია დემოგრაფიული საბჭო, რომელიც მსჯელობს ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და დღეს მიმდინარეობს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ძალიან დეტალური კვლევები იმის დასადგენად, თუ რა არის წამახალისებელი ფაქტორები, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანების სოციალური და დემოგრაფიული პირობები გაუმჯობესდეს. ჩვენ მზად ვართ, რომ დამატებითი მოტივატორები, დამატებითი წამახალისებელი მექანიზმები შემოვიღოთ იგივე იპოთეკური სუბსიდირების პროგრამაში, მაგრამ ეს უნდა იყოს კონკრეტულ მიზანთან მჭიდრო კავშირში, ამიტომ კვლევაზე დაფუძნებული უნდა იყოს ეს გადაწყვეტილებები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დემოგრაფიული საბჭოს ფარგლებში ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ მომავალი წლის დასაწყისში, როდესაც გვექნება კვლევის სრულყოფილი სურათი და შესაბამისად, საზოგადოებას ახალი წამახალისებელი მექანიზმების შესახებ მივაწვდით ინფორმაციას. თუმცა ეს დამუშავების პროცესშია, პრემიერმა რაც განაცხადა, ამაზე მიდის მუშაობა როგორც ჩვენს სამინისტროში, ისე უწყებათშორის კომისიის ფორმატში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.