“მთავრობის ყველა გადაწყვეტილების გასაჯაროებაზე ირაკლი კობახიძის განცხადებამ ძალიან შეაშინა გახარიას გუნდი” – მამუკა მდინარაძე

14
spot_img

როდესაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობის ყველა გადაწყვეტილება გახდეს საჯარო, ამან ძალიან შეაშინა ზოგიერთი ადამიანი, მათ შორის აღმოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებიც გახარიას გუნდს წარმოადგენენ საქართველოს პარლამენტში თუ მის ფარგლებს გარეთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, დღეს გამოვლინდა, რომ საიტის რეკონსტრუქციაზე გადაწყვეტილება გიორგი გახარიას პრემიერობის დროს იყო მიღებული.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველა „ნაცი“ და ნაცმედია, ასევე გახარიები ცდილობდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება მიეწერათ ღარიბაშვილისთვის და დღეს, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილების შემდეგ აღმოჩნდა, რომ გადაწყვეტილება გახარიას მიერ პრემიერობის დროს იყო მიღებული, რეკონსტრუქციის მოტივით. მე დავუსვამ მათ რიტორიკულ შეკითხვას, სად არის რეკონსტრუქცია? რომ გათიშეს საიტი და დააწერეს რეკონსტრუქცია, რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ? ვიღაცამ ხომ დაიწყო რეკონსტრუქცია? სად არის ეს ადამიანი? რამე წარწერა მაინც შეიცვალა? არაფერი შეცვლილა, არანაირი რეკონსტრუქცია არ მომხდარა. გახარიას გადაწყვეტილებით მთავრობის ყველა გადაწყვეტილება აბსოლუტურად დამალული გახდა, შემდეგ, სამწუხაროდ მიმდინარე პრაქტიკა გაგრძელდა. მთელი სისტემატიზაცია სჭირდება ამდენი წლის გადაწყვეტილებების ატვირთვას, ეს არ არის ერთი კვირის და ერთი თვის საქმე. ახალ თურმე ვიღაც უნდა ადგეს და სამი წლის გადაწყვეტილებები ატვირთოს. ახლა რამდენიმე თვის განმავლობაში ამაზე ააგებენ პიარს. დაიწყებენ სპეკულაციურად საუბარს, რატომ არ აქვეყნებს გადაწყვეტილებებსო“, – განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საიტის რეკონსტრუქცია არ მომხდარა და ყალბი საბაბით შეჩერდა გადაწყვეტილებების ატვირთვა.

„ჩვენს გვეუბნებოდნენ მაშინ, რომ ხდებოდა რეკონსტრუქცია. რა იყო საბაბი, შეიძლება, გამოჩნდეს მომავალში. ქურდს რომ ქუდი ეწვის, ამ პრინციპით გამოვარდნენ და დაიწყეს თავის მართლება. არადა, უბრალოდ დასახელებული იყო თარიღი და ამ თარიღში პრემიერი იყო გიორგი გახარია, რომელიც გუნდის შიგნითაც გვეუბნებოდა, რომ საიტის რეკონსტრუქცია მიდის. რაც შეეხება მათ რადიკალიზმს, მათ აქვთ დავალება, რომ „ქართულ ოცნებას“ წაგლიჯონ იქნებ 1-2 პროცენტი მაინც და ამ დავალების ფარგლებში მოქმედებენ. ისინი არიან „ნაცზე“ უფრო რადიკალური „ნაცები“. ამ დროს ებრძვიან ვითომ „ნაცებს“ და კოალიციები დღემდე არ დაუშლიათ საკრებულოებში. წარმოიდგინეთ, რამხელა უტიფრობაშიც კი პარადოქსთან გვაქვს საქმე. პარადოქსი უტიფრობაშიც კი, რადგან „ნაცმოძრაობისთვის“ გადამდგარი პრემიერი, რომელმაც მერე შექმნა თავისი გუნდი, ამ გუნდის სახელით ლაპარაკობს, რომ ებრძვის „ნაცმოძრაობას“, სინამდვილეში მათთან აქვს კოალიცია“, – განაცხადა მდინარაძემ.