მთავრობამ მოსახლეობის გარკვეული ჯგუფებისთვის სამედიცინო ჩარევის ხარჯების თანადაფინანსების მაქსიმალური თანხა განსაზღვრა

58
spot_img

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, სოციალურად დაუცველები სამედიცინო ჩარევის შემთხვევაში, თანხას არ გადაიხდიან, პენსიონერის შემთხვევაში თანადაფინანსების წილი არა უმეტეს 500 ლარით, 18 წლამდე ბავშვებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების შემთხვევაში არა უმეტეს 1000 ლარით, ხოლო იმ პირებისთვის, ვისი ყოველთვიური შემოსავალიც 3500 ლარზე ნაკლებია, არა უმეტეს 1500 ლარით განისაზღვრა.

მინისტრის განცხადებით, რამდენად ძვირადღირებულიც არ უნდა იყოს სამედიცინო ჩარევა, პაციენტს მაქსიმუმ იმ თანხის გადახდა მოუწევს, რაც განისაზღვრა.

„დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების დადგენილებაში ცვლილებები შევიტანეთ, რაც გვაჩვენა განვლილმა 5 თვიანმა პერიოდმა. ჩვენ განვსაზღვრეთ მაქსიმალური ჭერი. ანუ, სოციალურად დაუცველის შემთხვევაში ისედაც 0% იყო თანაგადახდა და ეს ასე დარჩა. პენსიონერის შემთხვევაში 10%, არა უმეტეს 500 ლარი იქნება ნებისმიერი სამედიცინო ჩარევის შემთხვევაში მათი თანაგადახდის წილი. 18 წლამდე ბავშვებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების შემთხვევაში 20%, არა უმეტეს 1000 ლარი, ხოლო სხვა დანარჩენის შემთხვევაში, ვისი შემოსავალიც არის ყოველთვიურად 3500 ლარზე ნაკლები 30%, არა უმეტეს 1500 ლარი იქნება.

ასევე სხვა ნაკლებად მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიტანეთ, რაც კონტროლს უფრო ეფექტიანს გახდის. ასევე კლინიკებს შორის DRG-ის დაგენერირებული თანხების გადანაწილება. მაგალითად, თუ ერთ კლინიკაში მიიყვანეს პაციენტი, ამ კლინიკამ დაასტაბილურა და შემდეგ რადგანაც სრული სერვისი არ აქვს, სხვა კლინიკაში გადამისამართება მოუწია, 10/90-ის პრინციპით მოხდება დაანგარიშებული თანხის გაყოფა,” – განაცხადა აზარაშვილმა.