მთავრობა ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორიის – გურიის ეროვნული პარკის დაარსებას გეგმავს.
პარლამენტს განსახილველად დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ მომზადებული პროექტი წარედგინა, რომლის მიღების შედეგად, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 15 310 ჰა ფართობს ეროვნული პარკის სტატუსი მიენიჭება და ახალი დაცული ტერიტორია – გურიის ეროვნული პარკი შეიქმნება. ამასთან, უქმდება კანონი “პონტოს მუხის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ“, რადგან აღნიშნული კანონით განსაზღვრული 443 ჰექტარი გურიის ეროვნული პარკის საერთო ფართობში შევა.
როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, გურიის ეროვნული პარკის დაარსება ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების დაცვას, ეკოკორიდორების შექმნას, ეკოლოგიური ქსელის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის ეკოტურისტულ სერვისებში ჩართვას.
პროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია 2024 წლის 1-ელი ივლისიდან.