“მსოფლიო ლიდერები ნატოს სამიტზე არიან, საქართველოს ხელისუფლება კი დაიმალა” – პაატა მანჯგალაძე

60
spot_img

ნატო-ს სამიტზე მსოფლიო ლიდერები არიან – იქ არის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, იქ არის ზელენსკი და ამ დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ჩირგვებში იმალება. სამწუხარო რეალობაა, როდესაც ახალი გეოპოლიტიკური გადანაწილების დროს საქართველო უკრაინასთან ერთად ავანგარდში უნდა ყოფილიყო გაწევრიანების გზაზე, საქართველოს ხელისუფლება კი დაიმალა,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პარლამენტის დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა საქართველო სამიტზე არ ყოფილიყო.

„ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების შესაძლებლობა გააჩინა უკრაინელი ბიჭების, უკრაინული სახელმწიფოს ბრძოლამ, რომელმაც რუსული ურდო შეაჩერა. ამაში თავისი წვლილი აქვთ ქართველ ბიჭებს. ამიტომ უკრაინის ბრძოლის ფასად შეგვიძლია გავხდეთ ნატო-ს წევრები და ამისთვის მხოლოდ მადლობა უნდა ვუთხრათ უკრაინას და არა საყვედური. ეს არის მოცემულობა, მაგრამ ამ დროს, სამწუხაროდ, არ გაგვიმართლა – გვყავს ხელისუფლება, რომლისთვისაც ბიძინა ივანიშვილის მილიარდების გადარჩენა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველოს უსაფრთხოება, გაწევრიანება ევროკავშირსა და ნატო-ში. როდესაც წინა სამიტი იყო, საქართველოს მთავრობა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლოკოკინების ფერმას ხსნიდა. ეს არის ამ პროცესების მიმართ „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

რაც შეეხება ნატო-ს სამიტიდან მოლოდინს, მანჯგალაძის თქმით, უკრაინა ნატოსგან უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს.

„ნატო-ს მხრიდან მხარდაჭერა მტკიცე იქნება. არ ყოფილა პრეცედენტი და ვერც იქნება, რომ ომში მყოფი ქვეყანა ნატო-ს წევრი გახდეს და ეს ომი ნატო-ს ომად გადაიქცეს, ასეთი რამ არ მოხდება, მაგრამ ვნახავთ, რომ ნატო-ს მთავარი ქვეყნები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები იტყვის, რომ სანამ უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება და ომი აქვს რუსეთთან, აიღებენ ვალდებულებას უკრაინის უსაფრთხოებაზე. რაც შეეხება საქართველოს, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ იქ საქართველო არ ყოფილიყო. რატომ?- ღარიბაშვილის ლოგიკით, თურმე ნატო იწვევს ომს. ნატო-ს გამო კი არ მოხდა ომი 2008 წელს, ან 2022 წელს ნატო-ს გამო კი არ დაესხა თავს რუსეთი უკრაინას, ნატო-ს წევრები რომ არ ვიყავით 2008 წელს და 2022 წელს არ იყო უკრაინა, ამის გამო დაესხა თავს რუსეთი. ნატო-ს წევრ ქვეყანას რუსეთი არასდროს დაესხმება თავს. პატარა ესტონეთსაც კი ვერ გაუბედავს საზღვართან ჩიტის აფრენას“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში დღეს ნატო-ს ორდღიანი სამიტი იხსნება. შეხვედრებს ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს.

ძირითადი საკითხები, რომელსაც ალიანსის ლიდერები ვილნიუსში განიხილავენ, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომი და ალიანსის წევრობაზე კიევის განაცხადი იქნება.

უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ისინი ვილნიუსის სამიტისგან გაწევრიანებასთან დაკავშირებით მკაფიო სიგნალს ელიან. გუშინ ცნობილი გახდა, რომ სამიტს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება.