“მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 6.3 %-ით შემცირდა” – საქსტატი

127
spot_img

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის III კვარტლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 6.3 პროცენტით შემცირდა და 864.5 ათასი სული შეადგინა.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 428.2 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებელს 3.8 პროცენტით ჩამორჩება. ღორის რაოდენობა 168.0 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 20.7 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 13.0 პროცენტით გაიზარდა და 11.1 მილიონ ფრთა შეადგინა.

„წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში რძის წარმოებამ 170.9 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4.8 პროცენტით მეტია. ხორცის წარმოებამ 18.2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 22.1 პროცენტით მეტია. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 148.6 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 7.4 პროცენტით ნაკლებია”,- ნათქვამია ინფორმაციაში.