მშვიდობის მშენებლობის საკითხზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ

17
spot_img

საზოგადოებრივი ორგანიზაციები ეხმაურებიან უკანასკნელ პერიოდში მიმდინარე დისკუსიას იმასთან დაკავშირებით, უნდა არსებობდეს თუ არა დიალოგი თბილისსა და სოხუმს შორის. როგორც ერთობლივ განცახდებაშია აღნიშნული, საზოგადოებრივი ორგანზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ დიალოგი აფხაზურ და ქართულ (ასევე, ოსურ და ქართულ) საზოგადოებებს შორის აუცილებელია სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა აქტორების და ჯგუფების მონაწილეობით.

მათივე განმარტებით, საგნობრივი დისკუსია შესაძლოა შეეხოს მთელ რიგ საკითხებს, როგორებიცაა: გაყოფილ საზოგადოებებს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარება, ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი განათლების შესაძლებლობების გაფართოება, ადამიანების თავისუფალი მიმოსვლა და სხვა ბევრი მნიშვნელოვანი თემა, რაც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას მოემსახურება. ასევე, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი დიალოგის ფარგლებში ევროკავშირში ინტეგრაციის თანმდევი სიკეთეების შესახებ საუბარი.

„აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი დიალოგი არ შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც ოფიციალური საერთაშორისო ფორმატის (ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები) ალტერნატივად, ან ჩამნაცვლებლად. არაფორმალური, მრავალგანზომილებიანი დიალოგი, მაგალითად ე.წ. „1.5 არხის“ ფორმატში, არ წარმოადგენს დიპლომატიურ შეხვედრებს ოფიციალურ პირებს შორის, არამედ არის არაფორმალური გარემო ექსპერტების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და, საჭიროებისამებრ, გადაწყვეტილების მიმღები პირების მონაწილეობით ისეთი საკითხების განსახილველად, რომლებიც ყველასთვის საერთო ინტერესს წარმოადგენს და რომელთა გადაწყვეტაც ხშირად ვერ ხერხდება ოფიციალური ფორმატების ფარგლებში მათი ზედმეტი პოლიტიზების გამო. ცხადია, რომ ამგვარ საერთო ინტერესებს მიკუთვნებულ სოციალურ, ეკონომიკურ, უფლებრივ და ჰუმანიტარულ საკითხებზე მნიშვნელოვანია დიალოგის პროცესში გადაწყვეტილების მიმღები პირების ჩართულობაც.

მხოლოდ ქართულ-აფხაზური (ასევე, ქართულ-ოსური) დიალოგი საქართველოში არსებული კონფლიქტის პოლიტიკურ გადაწყვეტას ვერ უზრუნველყოფს, თუმცა ცხადია, რომ სახალხო დიპლომატიისა და დაინტერესებული მონაწილეების დიალოგის გარეშე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესი წარმატებული ვერ იქნება. საერთაშორისო გამოცდილებაც ადასტურებს, რომ წარსულში გადატანილი ტკივილისა და ტრაგედიის მიუხედავად, მშვიდობის მშენებლობას და ამ პროცესში შედეგებზე ორიენტირებულ დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია. დიალოგის ფარგლებში ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ თუ სოციალურ საკითხებზე პროგრესის მიღწევა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს “მტრის ხატის“ მსხვრევას, ხალხთაშორისი კავშირების განვითარებას, ხელსაყრელი ნიადაგის მომზადებას საზოგადოებების სამომავლო კეთილდღეობისა და მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის.

მიგვაჩნია, რომ დიალოგი სწორედ ის საკითხია, რომელიც ფართო საზოგადოებრივ კონსენსუსს საჭიროებს და ჩვენ მზად ვართ ამ პროცესს ხელი შევუწყოთ“-ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერი საზოგადოებრივი ორგანიზაციები არიან:

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS); კოალიცია დევნილთა უფლებებისათვის; სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი”; სოციალური სამართლიანობის ცენტრი; დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI); “კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი”; “დავიწყოთ ახლა”; ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC); გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი; მცხეთა მთიანეთის რეგიონული ჰაბი; საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“; კავშირი “მომავლის ცხინვალი”; ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი; სტუდია რე; ფონდი „სოხუმი“; კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი; იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“; მოძრაობა – აფხაზეთისთვის; ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი; ახალი ხედვა – ახალი ჰორიზონტები; Go Group Media; ასოციაცია „აგორა“; საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია; პაატა ზაქარეიშვილი; გურამ ოდიშარია; მარინა ფაღავა; მერი გელაშვილი; ლია ჩლაჩიძე; რუსუდან მარშანია.