გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებული მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველომ შეფასების 4-ბალიანი სისტემით 3,5 ქულა დაიმსახურა, მსოფლიოში 50-ე ადგილზე გავიდა. ისტორიულად ყველაზე მაღალი შეფასებები საქართველომ წელს და შარშან გამოქვეყნებულ ინდექსში მიიღო.
შეკრების თავისუფლების ინდექსი იკვლევს „რამდენად სცემენ პატივს და იცავენ სახელმწიფო ორგანოები მშვიდობიანი შეკრების უფლებას?“
2012 წლის შემდეგ შეფასების გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია, ევროპაში კი პირველ ადგილზეა. საქართველოს 2012 წელს შეკრების თავისუფლების მიხედვით ევროპის ყველაზე საშიში ქვეყნების სამეულში იყო რუსეთთან და ბელარუსთან ერთად და მსოფლიოში 99-ე პოზიცია ეკავა, შემდგომ 11-წლიან პერიოდში კი საქართველო მსოფლიო რეიტინგში 49 ადგილით დაწინაურდა.
2023 წლის შედეგებით საქართველო უსწრებს ნატოს და ევროკავშირის წევრ მრავალ ქვეყანას, დიდი შვიდეულის 2 სახელმწიფოს და სხვა მოწინავე ქვეყნებს, კერძოდ: ამერიკის შეერთებული შტატებს, დიდ ბრიტანეთს, შვეიცარიას, ლატვიას, რუმინეთს, პოლონეთს, უნგრეთს, ბულგარეთს, სამხრეთ კორეას, სინგაპურს, თურქეთს და ა.შ.
„დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-Dem) არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი უშუალოდ დემოკრატიაზე. მისი სათავო ოფისი დაფუძნებულია V-Dem ინსტიტუტში, შვედეთში, გოტენბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტში.
პროექტს უძღვება 5 მთავარი გამომძიებელი, 19 პროექტის მენეჯერი, 33 რეგიონული მენეჯერი, 134-ზე მეტი კოორდინატორი და 4000-მდე ექსპერტი მსოფლიოს მასშტაბით.
ორგანიზაცია ერთ-ერთია იმ კვლევით პროექტებს შორის, რასაც მსოფლიოს ბანკის “გლობალური მმართველობის ინდიკატორები” და ატლანტიკური საბჭოს „თავისუფლების ინდექსი“ ეფუძნება.