“მშვიდობა გადამწყვეტია! მშვიდობა არის ის, რისკენაც ყველა უნდა ვისწრაფოდეთ” – ირაკლი ღარიბაშვილი

109
spot_img

შევძელით ჩვენი ეკონომიკის გაზრდა. გასამმაგდა ქვეყნის ეკონომიკა 2012 წლიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „პარიზის მშვიდობის ფორუმის” ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – „თანამშრომლობის ასპექტები დაპირისპირებულ სამყაროში: მშვიდობის უზრუნველყოფა და უსაფრთხო სამყაროს შენება კავკასიის მაგალითზე” – გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ასეა ლარის კურსის გამყარებისა და სულადობრივი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მიხედვით, რომლის ოდენობაც ბოლო  3 წლის განმავლობაში გაორმაგდა აშშ დოლარის დენომინაციით.

„ინფლაციის მაჩვენებელი ძალიან დაბალია. სომხეთთან ერთად, მსოფლიოს ყველაზე სწრაფადმზარდი ეკონომიკა გვაქვს ამჟამად. ეს არ არის შემთხვევითი, რადგან კარგ დარგობრივ პოლიტიკას და ეფექტურ მმართველობას ვაწარმოებთ. სწორედ ამის გამო ძლიერი ეკონომიკური ზრდა გვაქვს ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ. ყოველივე ამას მოაქვს ახალი სამუშაო ადგილები, მეტი სტაბილურობა, მეტი პროგნოზირებადობა მეწარმეებისა და ინვესტორებისთვის. ასე მაგალითად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რეკორდულ მაჩვენებელზე ავიდა გასულ წელს. სიღარიბისა და უმუშევრობის მაჩვენებლები ისტორიულ მინიმუმზეა, ხოლო ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები –  ისტორიულ მაქსიმუმზე.  ამას იმიტომ ვამბობ, რომ საქართველოში მსგავსი არაფერი მოხდებოდა მშვიდობის გარეშე. მშვიდობა გადამწყვეტია! მშვიდობა არის ის, რისკენაც ყველა უნდა ვისწრაფვოდეთ. მსოფლიოს ნაკლები ომი და მეტი მშვიდობისმყოფელი სჭირდება, რადგან ამჟამად რასაც ვხედავთ ძალიან გვაწუხებს. როგორ დასრულდება ეს ომი უკრაინაში?  ძალიან გვაწუხებს ის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ახლო აღმოსავლეთში ან სხვაგან. ამიტომ, საქართველო და მსგავსი ქვეყნები – სომხეთი –  პატარა ქვეყნები, მაგრამ ძლიერი ერები – დაინტერესებულნი უნდა იყვნენ მშვიდობის შენარჩუნებით,  სტაბილურობისა და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფით. ერი ვახსენე და აქვე უნდა ვთქვა, რომ  ერთერთი უძველესი ერი ვართ დედამიწაზე. ამდენად, ჩემი მოსაზრება შემდეგში მდგომარეობს: ხალხს და ზოგადად მსოფლიოს ერებს სიცხადე, გარკვეულობა სჭირდება. ახლა ვერ ვხედავთ ამას. არც პროგნოზირებადობა არსებობს. არავინ იცის რას მოიტანს ხვალინდელი დღე. ვის შეუძლია ამ ტიპის პრობლემების გადაჭრა? დიდ ქვეყნებს, დიდ ზესახელმწიფოებს. აქვე გავიმეორებ, რომ საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს და მსგავს ქვეყნებს სჭირდებათ ნათელი ხედვა დასავლეთის დიდი სახელმწიფოებისგან. ხომ ასეა? ამიტომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ და დავადასტურებ, რომ საქართველო დაინტერესებულია მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებით. აბსოლუტურად დარწმუნებულნი ვართ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, ძალიან ფრთხილი, მაგრამ გონივრული პოლიტიკით მოვახერხებთ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციას. ეს ერთადერთი არჩევანია, რაც საქართველოს გააჩნია ამჟამად”, –  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.