“მოვუწოდებთ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს, მიიღონ მონაწილეობა ყველა ფორმატში, რომელიც ქვეყანას ევროინტეგრაციაში დაეხმარება” – მიხეილ დაუშვილი

8
spot_img

ყველა რესურსს გამოვიყენებთ, რათა ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, გადადგას ნაბიჯები ევროკავშირისკენ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ცხრაპუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით 29 იანვარს დაგეგმილ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ  განაცხადა.

ამასთან, დაუშვილი მოუწოდებს ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს, მიიღონ მონაწილეობა ყველა ფორმატში, რომელიც ქვეყანას ევროინტეგრაციაში დაეხმარება.

„საქმე როდესაც ევროინტეგრაციას ეხება, ჩვენ ყოველთვის აბსოლუტურად ყველა ფორმატში ვმონაწილეობდით და ყველა რესურს ვიყენებდით, რათა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის ხელი შეგვეწყო როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. გიორგი გახარია თავად დადიოდა ევროპის არაერთ დედაქალაქში, რომ ევროპელი ლიდერები დაერწმუნებინა, ჩვენი ქვეყნისთვის თავის დროზე სტატუსი მიეცათ. ახლა იმავეს ვაპირებთ, რათა გადავიდეთ მოლაპარაკებების ეტაპზე. ჩვენ ყველა რესურსს გამოვიყენებთ და აქაც მივიღებთ მონაწილეობას. ვნახოთ, რას იტყვიან და რას შემოგვთავაზებენ. იქნება თუ არა რაიმე საქმიანი და რეალური. ყველა რესურსს გამოვიყენებთ, რათა ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, გადადგას ნაბიჯები ევროკავშირისკენ. ოპოზიციის ჩართულობის გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ რეალური ხელშესახები ნაბიჯები გადაიდგას. ძალიან რთული იქნება, ამიტომ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს, რომელმაც წინა ჯერზე მონაწილეობა არ მიიღო ამ ტიპის სამუშაო ჯგუფებში, ადრეც მოვუწოდებდით და ახლაც კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, საკუთარ თავს გადააბიჯონ ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ და მიიღონ მონაწილეობა ყველა იმ ფორმატში, რომელიც ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციაში დაეხმარება“, – განაცხადა დაუშვილმა.