მოვუწოდებ მთავრობასა და ოპოზიციას გაერთიანდნენ იმის შესასრულებლად, რაც გასაკეთებელია ევროინტეგრაციისთვის – ამერიკის ელჩი

66
spot_img

აშშ-ის ელჩმა საქართველოში რობინ დენიგანმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში რამდენიმე საკითხზე ისაუბრა, მათ შორის საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე და მასში ჩინეთის როლზე, ასევე 6 ნოემბერს ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობაზე და სხვა.

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, მან თქვა, რომ ეს არის ყველა ქართველის დამსახურება და იმედი გამოთქვა, რომ დეკემბრის კენჭრისყრა საქართველოსთვის დადებითი იქნება. ასევე აღნიშნა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯი ევროკავშირში ინტეგრაციისკენ და ამასთან ნატოსკენ სწრაფვის თვალსაზრისითაც.

„ეს რეკომენდაცია საქართველოსთვის იყო დამსახურებაზე დაფუძნებული, მაგრამ ეს აგრეთვე იყო გაფართოების ნამდვილი ენერგეტიკის მომენტი ევროკავშირში. მოვუწოდებ მთავრობასა და ოპოზიციას, გამოიყენონ ეს მომენტი და გაერთიანდნენ იმის შესასრულებლად, რაც გასაკეთებელია. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ეს ნატოსთვისაც რელევანტურია. ალიანსის ყველა ასპექტთან მიმართებით ნაბიჯების გადადგმა პოლიტიკური ასპექტის ჩათვლით. ნატოს წევრებს სჭირდებათ დაინახონ სულ უფრო მეტად დასავლეთისკენ მომზირალი საქართველოს მთავრობა, რომელიც სულ უფრო მეტად იქნება ინტეგრირებული დასავლეთში, გადადგამს პოლიტიკურ ნაბიჯს დემოკრატიის განსამტკიცებლად. ამას სჭირდება ერთიანობა და ეს უნდა იყოს პროცესი, რომელიც ევროინტეგრაციის პარალელურად წარიმართება“, – თქვა რობინ დენიგანმა და ხაზი გაუსვა საქართველოში 2024 წლის არჩევნების სამართლიანად წარმართვის მნიშვნელობას.

მან ასევე მწუხარება გამოთქვა რუსი ოკუპანტების მიერ 6 ნოემბერს მოკლული თამაზ გინტურის დაღუპვასთან დაკავშირებით და მოუწოდა რუსეთს და მის პრეზიდენტს შეასრულონ ვალდებულებები, რომლებიც მათ აიღეს 2008 წელს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით. ამასთან მოუწოდა არ გაამყაროს და კიდევ უფრო სახიფათო არ გახადონ ადმინისტრაციული გამყოფი ხაზი.

„ვთვლი, რომ ეს არის პუტინის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის კიდევ ერთი მაგალითი და ეს არის მაგალითი ადამიანური ტანჯვის, როცა შენი ტერიტორიები ოკუპირებულია. ჩემთვის, როგორც ელჩისთვის ეს კვლავაც პრიორიტეტული საკითხი იქნება.

გამოვეხმაურები რუსეთის მიერ აფხაზეთის სანაპიროზე მუდმივი სამხედრო საზღვაო ფლოტის ბაზირების შესახებ განცხადებაზე ცნობას. ესეც არის პუტინის მიერ რუსეთის ვალდებულებების უხეშად უგულებელყოფის მაგალითი. თუკი ეს სიმართლეა, ეს იქნება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა და კიდევ ერთი მაგალითი, რომ პუტინი და კრემლი ძირს უთხრიან რეგიონის უსაფრთხოებას“, – განაცხადა რობინ დენიგანმა.