“მოვუწოდებ გერმანიის მთავრობას, გამოასწოროს პოზიციები” – „ჰამასის“ წარმომადგენელი

96
spot_img

„ჰამასის“ ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ისრაელის მხარდაჭერის გამო ამერიკის შეერთებული შტატები და გერმანია ღაზაში „სისხლისღვრის პარტნიორები“ გახდნენ.

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მედიასთან საუბრისას საერთაშორისო ურთიერთობებში „ჰამასის“ წარმომადგენელმა, ოსამა ჰამდანმა განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ნუსეირატსა და ჯაბალიაზე თავდასხმების შედეგად 1 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ან დაიჭრა.

„ღაზის სექტორში პოლიტიკურ რუკას ვერავინ შეცვლის, რადგან ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. შეერთებული შტატები მუშაობს, რათა ისრაელს მეტი დაცვა, თავშესაფარი და უსაფრთხოება მისცეს. ისინი არ ზრუნავენ პალესტინის ინტერესებზე, არ ზრუნავენ პალესტინელი ხალხის ეროვნულ უფლებებზე, ისინი არიან პარტნიორები ჩვენი ხალხის წინააღმდეგ დანაშაულებში“, – განაცხადა „ჰამასის“ წარმომადგენელმა.

ამასთან, ჰამდანის განცხადებით, ფიქრობდნენ, რომ „გერმანია დანაშაულის მონაწილე არ იქნებოდა“.

„ეს ქმედება გვაიძულებს, დავსვათ კითხვა, გულისხმობს თუ არა გერმანული პოლიტიკური მენტალიტეტი ჰოლოკოსტის მენტალიტეტს ყველა ხალხის წინააღმდეგ და არა მხოლოდ ამა თუ იმ მხარის? ჩვენ ვფიქრობდით, რომ გერმანიამ ისწავლა წარსულიდან გაკვეთილები და არ იქნებოდა ამ დანაშაულის თანამონაწილე“, – განაცხადა ჰამდანმა.

„ჰამასის“ წარმომადგენელი გამოეხმაურა გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, გერმანია ქვეყანაში ორგანიზაცია „პალესტინელი პატიმრების სოლიდარობის ქსელის“ საქმიანობას კრძალავს.

„მინისტრსა და გერმანიის მთავრობას მოვუწოდებ, გამოასწორონ პოზიციები, ნაცვლად იმისა, დაწერონ ახალი ჰოლოკოსტი პალესტინელების წინააღმდეგ“, – აღნიშნა „ჰამასის“ წარმომადგენელმა.