“მოსკოვი და პეკინი სტრატეგიული ამოცანების განხორციელებას გააგრძელებენ” – ლავროვი

16
spot_img

მოსკოვი და პეკინი გააგრძელებენ ორი ქვეყნის ლიდერების მიერ დასახული ახალი სტრატეგიული ამოცანების შესრულებას, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.

„გვინდა გამოვხატოთ ჩვენი უმაღლესი შეფასება და აღფრთოვანება იმ წარმატებებისთვის, რომლებსაც მიაღწიეთ წლების განმავლობაში და, უპირველეს ყოვლისა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში თქვენი ხელმძღვანელობით. ჩვენ გულწრფელად გვახარებს ეს წარმატებები, რადგან ეს არის მეგობრების წარმატებები, თუმცა მსოფლიოში ყველა არ იზიარებს ამ დამოკიდებულებას და ყველანაირად ცდილობს შეაკავოს ჩინეთის განვითარება, ფაქტობრივად, ისევე როგორც რუსეთის განვითარება“, – განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 75 წლის იუბილე ღირსეულად აღინიშნება „და ჩვენ მზად ვიქნებით განვახორციელოთ ჩვენი ლიდერების მიერ დასახული ახალი სტრატეგიული ამოცანები“, – დასძინა ლავროვმა.

თავის მხრივ, სი ძინპინმა აღნიშნა, რომ სერგეი ლავროვი არის “გამოცდილი დიპლომატი და ჩინელი ხალხის დიდი ხნის მეგობარი”, რომელმაც “დიდი სამუშაო განახორციელა ურთიერთობების ხელშეწყობისთვის”. ჩინეთის ლიდერის მტკიცებით, პეკინი და მოსკოვი „მშვიდობიანი თანაარსებობის გზას დაადგნენ“ და მუშაობენ ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის მისაღწევად და ორმხრივი ურთიერთობების პროგრესული და მდგრადი განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე.

შეგახსენებთ, სერგეი ლავროვი პეკინს გუშინ ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე შეხვდა ჩინელ კოლეგას, ვანგ ის.