“მოდით, გავშალოთ ფრონტი და ვთქვათ – არა კლანს სასამართლოში, არა რუსულ რეჟიმს”- გიორგი ვაშაძე

88
spot_img

მოდით, გავშალოთ ფრონტი, ვთქვათ – არა კლანს სასამართლოში, დავდგეთ ყველა ერთად, რათა უკან დავახევინოთ „ქართულ ოცნებას“, ისევე როგორც ეს მოხდა რუსულ კანონთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოების პროტესტის გარეშე „ქართული ოცნება“ უკან არ იხევს.

„ქართული ოცნება“ გაშიშვლებულია. აღიარებითი ჩვენება სამგზის მისცეს, რომ ისინი არიან კლანი, მათი დავალებით მოქმედებდნენ სასამართლო სისტემაში, რომ სწორედ ისინი სჩადიან დანაშაულს და საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოსამართლეებს გადაწყვეტილებებს აღებინებენ. მეორე, მთავარი პრობლემა, ეს არის საქართველოს ევროინტეგრაციის საბოტაჟი და ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. ამიტომ, გვაქვს დრო და მოდით, გავშალოთ ფრონტი. ვისაუბროთ ღიად ამ საკითხებზე და ვთქვათ – არა კლანს სასამართლოში, არა რუსულ რეჟიმს და დავდგეთ ყველა ერთად, რათა უკან დავახევინოთ „ქართულ ოცნებას“, ისევე როგორც ეს მოხდა რუსულ კანონთან დაკავშირებით. საზოგადოებას მივმართავ, რადგან ვფიქრობ, ყველამ უნდა გამოხატოს საკუთარი აზრი ამასთან დაკავშირებით.

ვფიქრობ, აქციები საჭიროა. ეს არის „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოზიცია, რადგან ოპოზიციის ერთიანობამ გააშიშვლა „ქართული ოცნება“. ახლა მათ რომ უკან დაიხიონ, წნეხია შესაძლებელი. ჩვენ ხომ დავინახეთ რუსულ კანონთან მიმართებით, საზოგადოების პროტესტის გარეშე ისინი უკან არ იხევენ. დღეს პარლამენტი გაჭედილია, მაგრამ პროცედურულად, ჩვენ რას შეიძლება, ველოდოთ „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომელ წამში, არ ვიცით. ამიტომ, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია მათ შორის პროტესტი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.