“მნიშვნელოვანი აქტი გამოსცა საქართველოს პრეზიდენტმა”- ლევან ხაბეიშვილი

118
spot_img

მნიშვნელოვანი აქტი გამოსცა საქართველოს პრეზიდენტმა, ოღონდ ეს არ არის ერთი კონკრეტული ადამიანისთვის გამოცემული აქტი, ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

„მინდა, მივულოცო ყველას, ნიკას მეგობრებს, თანამებრძოლებს  და  ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, თუნდაც განსხვავებული პოზიციისას, რადგან მათ კარგად უნდა იცოდნენ, რომ მთავარი ოპოზიციური არხის გენერალური დირექტორი რომ გამოგონილი, აბსურდული ბრალით არის დაკავებული, ასე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემენ.

ახლა მნიშვნელოვანია ასევე პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება, რაზეც ასევე საუბრობენ ღიად დიპლომატები, ჩვენი დასავლელი პარტნიორები და შემდეგ ყველამ ერთად უნდა გავათავისუფლოთ ამ რუსული რეჟიმისგან ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან, სადაც ნიკა გვარამიას ციხიდან გამოსვლას „მთავარი არხის“ თანამშრომლები, ოჯახის წევრები, მეგობრები და გულშემატკივრები ელოდებიან.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას სამი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს. უზენაესმა სასამართლომ კი გვარამიას საქმე განსახილველად არ მიიღო.