კარგი იქნებოდა პრეზიდენტისთვის მიეცათ სიტყვით გამოსვლის საშუალება – ძალიან ცუდია, როცა მმართველმა პარტიამ ზეიმი, რომელიც ერთიანი უნდა ყოფილიყო, პარტიულ ღონისძიებად გააფორმა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, კარგი იქნებოდა ქვეყნის ყველა ინსტიტუციის წარმომადგენელი ყოფილიყო ერთად და ეჩვენებინათ მსოფლიოსთვის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს დღე საქართველოსთვის.
„ვფიქრობ, კარგი იქნებოდა, პრეზიდენტისთვის მიეცათ სიტყვით გამოსვლის საშუალება. ეს იყო ერთიანი ზეიმი და საქართველოს მოქალაქეთა ზეიმი, ძალიან ცუდია, როცა მმართველმა პარტიამ ის საკუთარ პარტიულ ღონისძიებად გააფორმა. პრეზიდენტმა ბევრი რამ გააკეთა კანდიდატის სტატუსის მიღების კონტექსტში. მისი განცხადებები, ინტერვიუები სხვადასხვა ქვეყნებში ძალიან მნიშვნელოვანი იყო,“ – განაცხადა დეკანოიძემ.
ის, ასევე, გამოეხმაურა პრემიერის ანგარიშის წარდგენას, რომელიც დღეს არის დაგეგმილი და აღნიშნა, რომ არ აქვს მოლოდინი, რომ რაიმე განსხვავებულს მოისმენს და დიდი ალბათობით, იქნება პოპულისტური განცხადებები.
„მნიშვნელოვანი იქნებოდა, პრემიერ-მინისტრი მოსულიყო პარლამენტში და საქართველოს მოსახლეობის წინაშე გაეკეთებინა ეს ანგარიში. არ ვფიქრობ, რომ რაიმე იქნება. ეს იქნება ანგარიში, რომელიც დიდწილად მიეძღვნება პოპულისტურ განცხადებებს. მნიშვნელოვანი იქნებოდა გაგვეგო, როგორ აპირებს ხელისუფლება იმ გეგმის შესრულებას, რაც 9 ნაბიჯის შესრულებას და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას გულისხმობს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ საქართველოში ეკონომიკური და სოციალური პრობლემები კვლავ რჩება სერიოზულ გამოწვევად. მაგალითად, სოციალურ დახმარებებზე არის საქართველოს მოსახლეობის სერიოზული ნაწილი, რაიონებში, პრაქტიკულად, მოსახლეობის დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველია, ამიტომ ამ ნაწილში მე რაიმე ღირებულს არ ველოდები და ვფიქრობ, იქნება იგივე გზავნილები, რაც გააჟღერა მან რამდენიმე დღის წინ, როცა საქართველოს უნდა ეზეიმა ნამდვილად ერთიანი პოზიციით კანდიდატის სტატუსი,“ – განაცხადა დეკანოიძემ.