“მმართველი პარტიის იდეოლოგიური განხეთქილება ევროპელი სოციალისტების პარტიულ ოჯახთან – სრულიად მკაფიოა”

109
spot_img

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი დავით ზარდიაშვილი

მმართველი პარტიის იდეოლოგიური განხეთქილება ევროპელი სოციალისტების პარტიულ ოჯახთან – სრულიად მკაფიოა; მართლაც, შეუძლებელია პრემიერ-მინისტრის ბუდაპეშტის კონსერვატიულ ფორუმში მონაწილეობის და განსაკუთრებით, მისი იქ წარმოთქმული სიტყვის შემდეგ ეს მიიჩქმალოს ან მით უმეტეს, დაიმალოს: წარმოუდგენელია ერთის მხრივ იყო კონსერვატიული მოძრაობის ერთ-ერთი მედროშე – რაც ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლით სრულიად ცალსახაა და ამავდროულად, იმ პარტიულ ოჯახში დარჩე, რომელიც დიამეტრულად საპირისპირო, პროგრესისტულ-მემარცხენე პოლიტიკურ მიმართულებას ადგას; არჩევანი უკვე გაკეთებულია და აქ, უკან დასახევი გზებიც მოჭრილია: დიდი იმედი მაქვს და მოველი, “ოცნება” შესაბამის ფორმალურ გადაწყვეტილებას მიიღებს და დატოვებს ევროპული სოციალისტური პარტიების ბანაკს. მაგრამ: საერთაშორისო იზოლაციაში რომ არ დარჩეს, აუცილებელია არა მხოლოდ ევროპელ, არამედ მსოფლიოს პოლიტიკოსებშიც თანამოაზრეების, მყარი მოკავშირეების და მტკიცე თანამებრძოლების პოვნა და მათთან მეტი დაახლოება; ჭეშმარიტად: “ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია!”

თავის დროზე, როცა მმართველმა პარტიამ თითქოსდა ეს, მემარცხენე, სოციალისტური ორიენტაცია აირჩია, უფრო ტაქტიკურ გადაწყვეტილებად უნდა მივიჩნიოთ და არა სტრატეგიულად; ეს ტაქტიკა იმ დროინდელი პოლიტიკური კონიუნქტურის შედეგს წარმოადგენდა – მკვეთრი დაპირისპირება ნაცებთან და მათ საერთაშორისო პარტნიორებთან, თითქოსდა მემარჯვენე ორიენტაციის ევროპელი პარტიების ოჯახთან – “სახალხო პარტიების” გაერთიანებასთან რაიმე კავშირი წარმოუდგენელი იქნებოდა და ბუნებრივია, “ოცნება” მემარცხენეთა ოჯახს მიეკედლა, რათა იქ ეპოვა ტაქტიკური მოკავშირეები ევროპულ ასპარეზზე; საბოლოო ჯამში ამ ტაქტიკამ თავი ამოწურა და “ოცნება” უკვე ვალდებულია სტრატეგიული არჩევანი, რაც მისი დაფუძნებისთანავე, აპრიორულად ნათელი იყო, საბოლოოდ გააფორმოს; ხოლო ამისათვის მას მოუწევს – განავითაროს ბუდაპეშტის ფორუმზე აღებული საერთაშორისო კურსი და არც მეტი, არც ნაკლები საერთაშორისო კონსერვატიული მოძრაობის ერთ-ერთი დასაყრდენი გახდეს. ეს იქნება ერთადერთი მართალი გზა, სწორედ ის გზა, რასაც დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე ზვიად გამსახურდია მიუთითებდა: ქრისტეს გზა და არა ბარაბასი, ილიას გზა და არა მისი მკვლელი ავაზაკებისა;

აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს: არა მხოლოდ ევროპულ, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც ლიბერალური კონსენსუსი მემარცხენე და მემარჯვენე პოლიტიკურ ძალებს შორის – დანგრეულია; დანგრეულია, რადგან უკრაინის ომმა ცხადყო: არა მხოლოდ “ვაშინგტონის კონსენსუსი” არამედ, ომამდე არსებული “მოდუს ვივენდი” – ერთპოლუსიანი, ლიბერალური ჰეგემონიის მსოფლიო წესრიგი ფაქტობრივად დასრულდა; ეს იმასაც მოასწავებს, რომ განმანათლებლობიდან მომდინარე სამივე დიდი იდეოლოგია, რაც ინდუსტრიალიზმისას იქნა ფრთაგაშლილი და სამივე “ისტორიის დასასრულს” თავისებურად ქადაგებდა – ლიბერალიზმიც, კომუნიზმიცა და ფაშიზმიც, მთლიანად გაკოტრებულია. მთავარი დაპირისპირება და პოლიტიკურ ძალთა მარკერი, მათი იდენტიფიცირების კრიტერიუმი უნდა გახდეს და აუცილებლად გახდება კიდეც ტრადიციული განსხვავება სჯულის მიმდევრებს, ჭკუადამჯდარ, საღ აზრზე მყოფ კონსერვატორებსა და უსჯულოებას, პროგრესის სახელით “ისტორიის დასასრულზე” ორიენტირებულ გადარეულ რადიკალთა შორის.

დღევანდელ დღეს ეს დაპირისპირება საღი აზრის მიმდევრების “გლობალური ომის პარტიასთან” უკიდურეს პოლარიზაციაში მჟღავნდება. მოხერხდება თუ არა სჯულზე – სამართალზე, სამართლიანობაზე, სამართლის იდეაზე დამყარებული “მშვიდობის პარტიათა”, ე.ი. მტკიცე კონსერვატორთა საერთაშორისო კონსოლიდაცია, ძალზე არსებითია და ალბათ მომავლისთვის გადამწყვეტიც. მშვიდობის მომხრეთა პოლიტიკური კრედო კი ესაა: არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა!

სწორედ ამიტომ: “ოცნება” სამართლის და სამართლიანი მშვიდობის გარშემო კონსოლიდაციის საერთაშორისო აქტივობაში არა მხოლოდ უნდა ჩაებას, არამედ – თავად უნდა იყოს დასაყრდენი, მიმართულების მიმცემი და ერთ-ერთი მედროშე ასეთი კონსოლიდაციისა! თანამოაზრეები, მყარი მოკავშირეები და ერთგული თანამებრძოლები- უთუოდ გამოჩნდებიან და ღვთის შეწევნით: სჯული ძლევს! გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება. ჩვენი საქმე – სამართლიანია!