“მმართველი ძალა იუსტიციის საბჭოს რეფორმირების აუცილებლობას ვერ ხედავს” – ხატია დეკანოიძე

14
spot_img

მმართველი ძალის პოზიციაა, რომ იუსტიციის საბჭოს რეფორმირების აუცილებლობას ვერ ხედავენ – ვენეციის კომისიის რეკომენდაციები შესასრულებელია, რომ დეკემბერში ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გაიხსნას,- ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც მართლმსაჯულების რეფორმასა და „ვეტინგის“ მოდელზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

დეკანოიძის თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში ჩამოყალიბებულია, რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ რეფორმის განხორციელებისთვის და რეკომენდაციები უნდა შესრულდეს. „რეკომენდაცია იყო ვენეციის კომისიის. აქ საუბარი იმაზე არ არის, ხატია დეკანოიძე რას ეუბნება მმართველ ძალას, აქ საუბარია იმაზე, რომ შალვა პაპუაშვილის მოსაზრებით, იუსტიციის საბჭოს რეფორმა საერთოდ არ გვჭირდება. თუ რაიმე ახალი რეფორმის ქვაკუთხედი და მოდელი აქვს მმართველ ძალას, მე მზად ვარ და დარწმუნებული ვარ ყველა პარლამენტში, რომ ეს მოდელები ჩვენ განვიხილოთ. თუმცა, მათი პასუხი იყო ის, რომ ისინი ვერ ხედავენ იუსტიციის საბჭოს რეფორმირების აუცილებლობას. ყველაფერი დაწერილია ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში, რომლებიც უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ დეკემბერში მოლაპარაკებები გაიხსნას“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის დაკომპლექტებაში გადამწყვეტი როლის სხვა სახელმწიფოებისთვის გადაცემა, რასაც რამდენიმე დღეა ოპოზიცია და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მოითხოვს, ქვეყნის სუვერენიტეტის დათმობის ტოლფასია.

„სწორედ ამიტომ, ჩვენი ხალხი არჩევნებზე სათანადო პასუხს გასცემს ყველას, ვისაც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის შეგრძნება და ეროვნული თავმოყვარეობა დაკარგული აქვს. მეტიც, უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა, ვინც მისაბაძ მაგალითად ალბანეთს, მოლდოვას და უკრაინას გვისახავს, არაკეთილსინდისიერია. ნებისმიერი კვლევის მიხედვით, საქართველო ამ ქვეყნებზე ყველა პარამეტრით რამდენიმე თავით მაღლა დგას. საქართველოსთვის მათი მაგალითად მოყვანა იგივეა, რომ დიდოსტატი პირველთანრიგოსნებს შეადარო”, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.