“მჯერა, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საერთო რეგიონულ კეთილდღეობას”- პრემიერი

12
spot_img

მჯერა, რომ რეგიონში საქართველოს უნიკალური როლის გათვალისწინებით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საერთო რეგიონულ კეთილდღეობას – ფაქტობრივად, ჩვენი თანმიმდევრული და ეფექტური ეკონომიკური პოლიტიკის წყალობით, საქართველომ წარმატებით შეინარჩუნა ეკონომიკური სტაბილურობა და ეს რეგიონული, გლობალური მასშტაბის გამოწვევების მიუხედავად მოხდა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) რიგით 22-ე მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, იმ პირობებში, როდესაც შუა დერეფნის მნიშვნელობა იზრდება, საქართველო მზადაა, ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელოს, რათა ხელი შეუწყოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების გაუმჯობესებას.

„2024 წელს აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიურ შეხვედრას ვუმასპინძლებთ თბილისში და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ღონისძიება გამორჩეულ პლატფორმად წარმოჩინდება რეგიონული და გლობალური განვითარების საკითხებისა და შეთავაზებულ გადაწყვეტათა განხილვისთვის. ნება მომეცით, ხაზი გავუსვა ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონული პროგრამისა და აზიის განვითარების ბანკის გადამწყვეტ როლს რეგიონული ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაში. აღსანიშნავია, რომ ორივეს დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში განხორციელებულ უამრავ ღონისძიებასა და პროექტში მას შემდეგ, რაც ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონული პროგრამას შეუერთდა, 2016 წელს. დაახლოებით 3 მილიარდ დოლარის ინვესტიციაა საქართველოში მობილიზებული. სასიხარულოა იმის აღნიშვნა, რომ ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონული პროგრამის ძირითადი პოლიტიკა ზედმიწევნით შეესაბამება საქართველოს მისწრაფებას, გახდეს რეგიონის ცენტრი, რომელიც წარმოჩინდება როგორც გამარტივებული და დაჩქარებული სავაჭრო და სატრანზიტო მარშრუტი ევროპასა და აზიას შორის. იმ პირობებში, როდესაც შუა დერეფნის მნიშვნელობა იზრდება როგორც ტრადიციული მარშრუტების სტაბილური და უსაფრთხო ალტერნატივა, მზად ვართ, განვახორციელოთ ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რათა ხელი შევუწყოთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების გაუმჯობესებას, მათ შორისაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი და თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი. ვაღიარებთ, რომ მრავალი ბარიერი კვლავ აფერხებს საქონლის, სატრანზიტო საშუალებების და ფიზიკური პირების სწრაფ მოძრაობას ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონული პროგრამის ქვეყნებს შორის. შუა დერეფნის უხარვეზო ფუნქციონირება მოითხოვს ერთობლივი გამშვები პუნქტების ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას, რომელიც მეზობელ ქვეყნებს საშუალებას მისცემს ერთი ფანჯრის პრინციპით სინქრონულად გაატარონ ტვირთები, ეს მიდგომა საქონლის ტრანსპორტირების ხარჯების მინიმუმამდე შემცირებას, ხოლო უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებას ისახავს მიზნად. მჯერა, რომ რეგიონში საქართველოს უნიკალური როლის გათვალისწინებით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საერთო რეტინალურ კეთილდღეობას. ჩვენი მთავრობა აქცენტს აკეთებს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე, ღირებულებების გლობალურ ჯაჭვში ქვეყნის ინტეგრირებაზე, ბიზნესის ხელსაყრელი გარემოს შენარჩუნებაზე და ქვეყნის სატრანზიტო და განახლებადი ენერგიის პოტენციალის ეფექტიან გამოყენებაზე. ფაქტობრივად, ჩვენი თანმიმდევრული და ეფექტური ეკონომიკური პოლიტიკის წყალობით, საქართველომ წარმატებით შეინარჩუნა ეკონომიკური სტაბილურობა და ეს რეგიონული, გლობალური მასშტაბის გამოწვევების მიუხედავად მოხდა.

ზოგიერთი ჩვენი მიღწევის საილუსტრაციოდ, ნება მომეცით, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პანდემიის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა აღდგა ორნიშნა ზრდის ტემპით – 10%-ზე მეტი იყო ზრდა 2021 და 2022 წლებში. ჩემმა მთავრობამ ეს დადებითი ტენდენცია 2023 წელსაც შეინარჩუნა. პირველ 9 თვეში 7%-იანი საშუალო ეკონომიკური ზრდის ტემპით, ხოლო ინფლაციის მაჩვენებელი 1%-ზე დაბლა მოაქცია. მთლიანობაში, ეროვნული ეკონომიკა 2012 წლიდან 3-ჯერ გაიზარდა, 2012 წელს ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 27 მლრდ ლარი იყო, ხოლო 2024 წელს 86 მლრდ ლარს მიაღწევს. 2023 წლის ბოლო სულადობრივი მშპ მოსალოდნელია 8 ათას დოლარს გაუტოლდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ 3 წელიწადში ეს მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა. გარდა ამისა, ჩვენმა საერთაშორისო რეზერვებმა მიმდინარე წლის ივლისში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, ხოლო უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებლები ისტორიულად დაბალ ნიშნულამდე შემცირდა.

ძვირფასო მეგობრებო, ვაღიარებთ ენერგიაზე მზარდ მოთხოვნას და კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების აუცილებლობას. ამიტომ განახლებადი ენერგიის წყაროებში უახლოეს ინიციატივებს ვნერგავთ წყლის, ქარის, მზისა და სხვა მდგრადი წყაროების ჩათვლით. ჩვენი მზიანია, მოვიზიდოთ ინვესტორები, რათა მეტი ელექტროსადგური შეიქმნას და გამოყენებულ იქნება საქართველოს უხვი მწვანე ენერგიის პოტენციალი. ასევე, ვმუშაობთ ენერგოეფექტურობის სფეროში პროექტების შესამუშავებლად და მზად ვართ, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის შესაბამისი პოლიტიკა შევიმუშაოთ, რომელიც თავსებადი იქნება ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების დღის წესრიგთანაც.

დასასრულს, ხაზი მინდა გავუსვა ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონული პროგრამისა და ამ კონტექსტში დასახული მიზნების განხორციელების შესაძლებლობათა მნიშვნელობას მთელი რეგიონისთვის. ვიმედოვნებ, მინისტრთა დღევანდელი კონფერენცია წარმატებული და ნაყოფიერი იქნება, რაც ჩვენს საერთო მისწრაფებას შეუწყობს ხელს აყვავებული და მდგრადი მომავლისკენ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.