“მივიღე მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვან პანელურ დისკუსიებში” – პრემიერი

23
spot_img

პირველ რიგში, მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ ყველას აქ ჩამობრძანებისთვის და აქტიურად გაშუქებისთვის დავოსის მოვლენების. წლევანდელი წელიც, მე ვფიქრობ, იყო საკმაოდ საინტერესო. მე მივიღე მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვან პანელურ დისკუსიებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ასევე გუშინ მას ჰქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა და მიიღო მონაწილეობა დახურულ დიალოგში, რომელიც გაიმართა ევროკომისიის პრეზიდენტის, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენის მონაწილეობით და ხელმძღვანელობით, ასევე დავოსის პრეზიდენტის ბორგე ბრენდეს მოდერაციით.

„მთავარი საკითხი შეეხებოდა ბალკანეთის ქვეყნების ევროინტეგრაციას, ამ პროცესს ზოგადად, რაც უკავშირდება ბალკანეთის ქვეყნების გაერთიანებას ევროკავშირში, ასევე ჩვენს ინტეგრაციას ევროკავშირში. ჩემთან ერთად ამ პანელში მიიღო მონაწილეობა, ამ დახურულ ფორმატში მიიღო მონაწილეობა მოლდოვეთის პრემიერ-მინისტრმა და ასევე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადე ყველა ევროპელ ლიდერს, იმიტომ, რომ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროპელი ლიდერები, პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები, როგორც უკვე აღვნიშნე, ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი. მე მას მადლობა გადავუხადე ჩვენი ქვეყნის სახელით და მათ ყველას მადლობა გადავუხადე, იმიტომ, რომ ჩვენ, ასე ვთქვათ, ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი ყველამ ერთად მივიღეთ დეკემბერში, კანდიდატის სტატუსის სახით.

ამას გარდა, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ გაგვეზიარებინა უახლესი ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. რა თქმა უნდა, ის ძლიერი, იქნება ეს ეკონომიკური ზრდა, განვითარება, ჩვენი გეგმები, ჩვენი ხედვა, ზოგადად, რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს, ამ თემებზეც, ბუნებრივია, იყო საუბარი. ასევე საინტერესო იყო, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ფორმით შევეხეთ კრიზისების საკითხს. როგორც მოგეხსენებათ, დღეს მსოფლიო წესრიგი იცვლება და ჯერ კიდევ ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, თუ საბოლოო ჯამში როგორი მსოფლიო წესრიგი უნდა ჩამოყალიბდეს და როგორი იქნება საბოლოო კონფიგურაცია, როგორ მოეწყობა თანამედროვე მსოფლიო, ვინაიდან ჩვენ დღეს ვუყურებთ, რომ სახელმწიფოები პატივს აღარ სცემენ საერთაშორისო წესრიგს, უხეშად ხდება ხელყოფა სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიების, მიმდინარეობს ომები და ა.შ. რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო ასევე უკრაინის კრიზისს, რომელსაც აქვს პირდაპირი გავლენა, არა მხოლოდ ევროპის უსაფრთხოებაზე, არამედ მთელი მსოფლიოს წესრიგზე. მნიშვნელოვანი დრო დაეთმო ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს, ისრაელში განვითარებული მოვლენები, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველასთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო. ჩვენი ინტერესია, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს ომი, ეს კონფლიქტი და საბოლოოდ დამყარდეს, აღდგეს მშვიდობა და სტაბილურობა”, – განაცხადა პრემიერმა.